სხვა

18:42 | 4.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

გამორჩეული სპორტსმენისა და ადამიანის საღამო “ლიდერბეთში”

ქეთევან ლოსაბერიძე ყოველმხრივ გამორჩეული ადამიანია. უფალმა მას ნიჭიერება, შრომისმოყვარეობა და ადამიანთა მიმართ კეთილგანწყობა დაანათლა. მიზეზთა გამო, მისი სპორტული კარიერა პაუზებით მიმდინარეობდა, თუმცა, იმდენი მოასწრო, ერთბაშად რამდენიმე სპორტსმენს ექნებოდა საამაყოდ საქმე. თავად განსაჯეთ, ქალბატონი ქეთევანი მშვილდოსნობაში ოლიმპიური თამაშების, აგრეთვე მსოფლიოს, ევროპის (პირადსა და გუნდურში), საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონია.

ქალბატონი ქეთევანი თავად ასე იგონებს განვლილ სპორტულ გზას: “სპორტში შემთხვევით აღმოვჩნდი. ჩავაბარე ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე და სხვა სტუდენტთა მსგავსად ფიზკულტურის ლექციაზე დავდიოდი. ერთ დღეს ჩვენთან სამხედროფორმიანი კაცი მოვიდა, რომელსაც ხელში გრძელი ჯოხი ეკავა. თურმე მშვილდოსნობის სექციის გახსნას აპირებდა და რამდენიმე გოგონა აგვარჩია, შეგვიმოწმა ხელის სისწორე, აღნაგობა და სექციაში ჩაგვწერა.

1966 წლის გაზაფხულზე საქართველოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი დავიკავე. ამ გამარჯვებამ მეტი სტიმული მომცა. ოლიმპიურ თამაშებს კი მშვილდოსნობა 1972 წელს დაუბრუნდა და მხოლოდ მას შემდეგ მოგვცეს იარაღები სავარჯიშოდ. მანამდე ჩვენ მიერ გაკეთებული ჯოხებით და კუსტარულად დამზადებული ისრებით ვვარჯიშობდით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დავიწყე მზადება ოლიმპიური თამაშებისთვის.

მიუნხენის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვებამდე ერთადერთი ქულა დამაკლდა. როდესაც მიზანთან ახლოს ხარ და მცირედი დაგაკლდება, ძალიან მტკივნეულია. ამის შემდეგ დავოჯახდი და გარკვეული პერიოდით ასპარეზს ჩამოვშორდი. სპორტული კარიერა 1979 წელს განვაახლე და იმავე წელს საკავშირო სპარტაკიადაზე ვერცხლის მედალი მოვიგე. ოლიმპიური თამაშებისთვის საკონტროლო შეხვედრა მომიწყვეს კონკურენტთან, დამაჯერებლად ვაჯობე და ხუთი რგოლის ეგიდით ჩასატარებელ შეჯიბრებაზე გამოსვლის უფლება დავიმსახურე. ისიც მინდა ვთქვა, რომ საკონტროლო შეხვედრის წინ მეტოქეს ჩემი ახალი ისრები დავუთმე და ძველით ვძლიე.

ოლიმპიადაზე გასვლის წინ ვფიქრობდი: ქეთევან, ეს შენი ბოლო შანსია და აუცილებლად უნდა გაიმარჯვო. კარგად ვიყავი მომხზადებული, ამასთან, იღბალმაც ხელი შემიწყო. შეჯიბრების ბოლო დღეს ავდარი იყო - ქარი, წვიმა. უმრავლესობამ ცუდი შედეგი აჩვენა, მე კი 30 შესაძლებლიდან 28 ქულა ავიღე. ისე ბედნიერი ვიყავი, ამგვარი გრძნობა მხოლოდ შვილის დაბადებით გამოწვეულ სიხარულს შემიძლია შევადარო. მიუნხენის ოლიმპიადის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე მივიღე მონაწილეობა, გუნდურ ჩათვლაში პლანეტის ჩემპიონი გავხდი, პირადში კი მეხუთეზე გავედი. შვილის შეძენის შემდეგ კი სპორტული კარიერა დავასრულე“ .

დღეს ტოტალიზატორ “ლიდერბეთში” სახელოვან ქართველ სპორტსმენს ქეთევან ლოსაბერიძეს გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს. ლეგენდარულ სპორტსმენს ოლიმპიური ჩემპიონები რაფაელ ჩიმიშკიანი, გელა კეტაშვილი, ნინო სალუქვაძე, სპორტის მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე, ჟურნალისტები ჯამლეთ ხუხაშვილი, თემურ ჯაფარიძე, თენგიზ გაჩეჩილაძე, ალექსანდრე კოტორაშვილი, გოჩა კაჭარავა, მიხეილ აბაიშვილი, გიგა გვენცაძე, ლევან სალუქვაძე მიესალმნენ, ქალბატონი ქეთევანის მიერ გავლილი სპორტული გზა და ფენომენალური მიღწევები გაიხსენეს, სამომავლოდ ჯანმრთელობა და წარმატება უსურვეს.

0.118632