“ჩიკაგო ბულსის” მცველი ჯიმი ბატლერი და “გოლდენ სტეიტ უორიორსის” გამთამაშებელი სტივენ კარი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის, შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების ოტქომბერ-ნოემბრის საუკეთესო მოთამაშეებად აღიარეს.
გასული თვეების შედეგებით, ჩიკაგოელები 11 მოგებით და 6 მარცხით ცენტრალურ დივიზიონში გალიდერდნენ, ბატლერი კი საშუალოდ 21.9 ქულას (მე-9 მაჩვენებელი ლიგაში) აგროვებდა, თამაშიდან 49.8%-იანი სიზუსტით ესროდა და წუთების მხრივ (39.3), ლიგის ლიდერი იყო.
კარის მეთაურობით, “გოლდენ სტეიტმა” სეზონის სტარტზე 16-დან 14 მატჩი მოიგო. სტივენს ქულების (23.8) და პასების (7.8) მხრივ ლიგაში მე-5 შედეგი ჰქონდა, მე-7 გახლდათ ჩაჭრებში (1.94) და მე-2 – ჩაგდებული სამქულიანების (51) მხრივ.
თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის პრეტენდენტები ჯეფ ტიგი (“ატლანტა”), ლებრონ ჯეიმსი (“კლივლენდი”), ჯეიმს ჰარდენი (“ჰიუსტონი”), ბლეიკ გრიფინი და კრის პოლი (ორივე – “კლიპერსი”), მარკ გასოლი (“მემფისი”), კრის ბოში (“მაიამი”), ენტონი დევისი (“ნიუ ორლეანი”), ლამარკუს ოლდრიჯი და დემიან ლილარდი (ორივე – “პორტლენდი”), დემარკუს კაზინსი (“საკრამენტო”), კაილ ლოური (“ტორონტო”) და ჯონ უოლიც (“ვაშინგტონი”) იყვნენ.