მადრიდის “ატლეტიკოს” არგენტინელმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ, ესპანეთის “სამეფო თასზე” “ლ’ჰოსპიტალეტთან” მოგებული მატჩის (3:0) შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას თამაში შეაფასა და ანტუან გრიზმანი შეაქო.
“შეხვედრა ძალიან კარგი გამოვიდა. პირველ ტაიმში მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, მაგრამ გრიზმანის მოედანზე შესვლით ყველაფერი შეიცვალა. მან გუშინ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა”, - განაცხადა სიმეონემ.
ანტუან გრიზმანი გუშინდელ შეხვედრაში, მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა და 67-ე წუთზე მოახერხა ანგარიშის გახსნა.
ფრანგი მადრიდულ კლუბს მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომ “სოსიედადიდან” შეუერთდა. გრიზმანს “ატლეტიკოს” მაისურით მიმდინარე პრიმერა დივიზიონში 13 ჩატარებულ შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.