თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში 3 ქართველი ჩოგბურთელი ჩაება, წარმატებას კი ერთადერთმა მიაღწია.
მე-8 ნომრად განთესილმა სოფო ქვაცაბაიამ მოლდოველი ანასტასია ვდოვენკო 6:2, 6:1 დაამარცხა და მერვედფინალში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – სლოვაკ რებეკა სრამკოვას ეთამაშება.
მე-2 რეიტინგის მქონე ეკატერინე გორგოძემ ასევე კვალიფიკაციიდან გამოსულ ბელგიელ ელინ ბოეიკენსთან 5:7, 3:6 წააგო, ხოლო თამარ ჭალაგანიძე, რომელიც ძირითად ბადეში “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით მოხვდა, მე-4 ნომრად მიჩნეულ რუმინელ ირინა მარია ბარას ვერ გაუმკლავდა – 1:6, 2:6.
წყვილებში პირველი რეიტინგის მქონე ქვაცაბაიამ და სლოვაკმა სკამლოვამ ხსენებული ბოეიკენსი და ნორვეგიელი სტოკე დაამარცხეს 6:7 (6:8), 7:5, 10:5 და ნახევარფინალში ხორვატ პრიმორაჩს და სრამკოვას გაეჯიბრებიან.
თავის მხრივ, მეოთხედფინალში რუმინელ ბუზეანთან და თურქ გულმანთან მოსინჯავენ ძალებს გორგოძე და სლოვენიელი კოლარი, რომლებიც მე-2 განთესვით ასპარეზობენ.
ანტალიაშივე, ვაჟთა 10-ათასიანი ტურნირის პირველ წრეში უკრაინელ დენის მილოკოსტოვთან 6:7 (3:7), 3:6 წააგო გიორგი ცივაძემ.