რაგბი

20:45 | 3.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბესიკ ხამაშურიძე: “მოვა დრო, როდესაც ქუთაისში ყველა თამაში დიდი ზეიმი იქნება”

ქუთაისის “აიამ” საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე თბილისში, “ჯიქებთან” გამარჯვებით დაიწყო (25:17). ამ მოგებას ორმაგი დატვირთვა ჰქონდა - გუნდმა პირველ ტურში ქუთაისის ახალ სტადიონზე გამართულ პირველ მატჩში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო და საპლეიოფო ექვსეულში დაბრუნდა.

იმის გათვალისწინებით, რომ “აიას” მომდევნო მატჩი აუტსაიდერ “თიბიეს უნივერსიტეტთან” უწევს, დიდია ალბათობა იმისა, რომ ქუთაისელები ახალ წელს სწორედ ექვსეულში შეხვდნენ. მაგრამ მეორე წრის დასკვნითი ნაწილი რთული იქნება და ამას ობიექტური მიზეზები გააჩნია. ახალგაზრდებით დაკომპლექტებულ გუნდში მრავლად არიან მოთამაშეები, რომელთაც 18 და 19-წლამდე ნაკრებებში უწევდათ თამაში და ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე 23-კაციან განაცხადს ვერ ავსებდა.

სრულად თუ არა ნაწილობრივ მაინც ამის ბრალი უნდა იყოს, გუნდი პირველ წრეში არაერთგვაროვან შედეგებს რომ აჩვენებდა. 2015 წელს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს მსოფლიო თასის “ალაფა” ელის, ქუთაისურ კლუბს დანაკლისი კიდევ ექნება, თუმცა, მთავარი მწვრთნელი სირთუელეების გადასალახად აქედანვე ემზადება.

“მსოფლიო სპორტი” ბესიკ ხამაშურიძეს პირველ წრესა და მომავალზე გაესაუბრა და უწინარესად “ჯიქებთან” მოგებულ თამაშზე დაეკითხა.

ბესიკ ხამაშურიძე: კარგი თამაში გამოვიდა და მადლობა ბიჭებს თავდაუზოგავი გარჯისთვის. ეს შეხვედრა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან მარცხის შემთხვევაში შეიძლებოდა 2014 წელი მე-9 ადგილზე დაგვესრულებინა. “ჯიქები” წელს შარშანდელზე ძლიერია. მას აშკარად დაეტყო პალიკო ჯიმშელაძის ხელი და უფრო გაშლილი რაგბის ჩვენებას ცდილობს. ჩვენთვის ეს სარევანშო თამაშიც იყო. გემახსოვრებათ, ქუთაისში ახალ სტადიონზე პირველად სწორედ “ჯიქებს” ვეთამაშეთ და 3 ათასი მაყურებლის წინაშე დავმარცხდით, მაგრამ ეს სპორტია და ასეც ხდება ხოლმე.

ზოგადად, წლევანდელი ჩემპიონატი ძალზე დაძაბულია, გუნდების დონე გათანაბრდა და გამარჯვებულის წინასწარ გამოცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია. მხოლოდ “ყოჩებმა” მოახერხა მნიშვნელოვნად დაწინაურება და “თიბიესი” მოიკოჭლებს, რომელიც დებიუტანტია და გამოცდილება არ ჰყოფნის, ხოლო დანარჩენი 8 გუნდი ფაქტობრივად თანაბარი ძალისაა და საინტერესო შეხვედრები იმართება.

- დღეს “ჯიქების” შერკინება “აიასას” სჯობდა და ორი საჯარიმო ლელოც მიიღეთ.

- ჩემპიონატში ტრავმებმა იჩინა თავი, ფაქტობრივად ყველა გუნდში ერთი და იგივე პრობლემაა და შემადგენლობებშიც ხშირი როტაცია ხდება. შერკინება ჩვენი ყველაზე სუსტი კომპონენტია, თუმცა, სეზონის დასაწყისთან შედარებით ამ კუთხით უკეთესობაა. მართალია ამ თამაშში ორი ტექნიკური ლელო მივიღეთ, მაგრამ ახლა ძველებურად ვეღარ გვჩაგრავენ და “ჯიქებთანაც” რამდენიმე საკვანძო მომენტში ბურთის გამოტანა მოვახერხეთ. შემდეგი თამაში “თიბიესთან” გვიწევს და ტრავმირებული მოთამაშეების გარდა, ორი მორაგბე დაგვაკლდება, რადგან ისინი საქართველოს 7-კაცა ნაკრებში არიან გამოძახებული.

- ახსენეთ, რომ ტრავმებმა ყველა გუნდი შეაწუხა და მართლაც, პრაქტიკულად ყველას ამის გამო 5-6 მორაგბე აკლია. თქვენის აზრით, რამ განაპირობა ასეთი შედეგი?

- რაგბი ისეთი სპორტია, რომ ტრავმებისგან თავს ვერ დაიზღვევ. წლევანდელ ჩემპიონატს თუ შევხედავთ, თამაშები მეტი სიხშირით იმართება, ვიდრე გასულ სეზონებში. ჩემის აზრით, აუცილებელია, რომ ციკლი კიდევ უფრო დაახლოვდეს და მეტი იყოს გადაბმული თამაშები. ყველა გუნდმა უნდა გააუმჯობესოს ფიზიკური მდგომარეობა და ბევრი ტრავმაც აღარ იქნება. აქამდე იყო შემთხვევები, რომ ერთი, ან ორი თამაშის შემდეგ, თითქმის ერთთვიანი შესვენებები გვიწევდა და როგორც კი ტურები ერთმანეთს გადაება, ამ პრობლემამ თავი იჩინა. სწორედ ეს მეტყველებს იმაზე, რომ ფიზიკურად გუნდები მზად არ არიან. არადა, ვფიქრობ, შეუსვენებლივ თამაში ქართულ რაგბის დიდად წაადგება, რადგან სწორედ ასე უნდა დავინახოთ რაზე გვაქვს სამუშაო და რაზე არა. სხვაგვარად მწვრთნელებიც და მოთამაშეებიც თავს მოვიტყუებთ. მე, როგორც პროფესიონალი ვფიქრობ, რომ საქართველოს ჩემპიონატში ტემპის, მოთამაშეთა რაოდენობისა და ზოგადად ხარისხის გასაზრდელად, აუცილებელია თამაშები მეტი სიხშირით ჩატარდეს.

- ქუთაისში ახალი სტადიონის აშენების შემდეგ რამდენად გაიზარდა თქვენს ქალაქში რაგბისადმი ინტერესი?

- სტადიონი ოფიციალურად ჯერ არც გაგვიხსნია და ბევრმა არც იცის ამ არენის არსებობა. ამჟამად ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს, უკვე ადგილზეა ხელოვნური საფარი, დაიგო კიდევ ერთი ბუნებრივი საფარი და კეთდება მესამე. ახალი წლის შემდეგ თუ არა, მომავალი სეზონის სტარტზე ოფიციალურ გახსნას მოვაწყობთ, სადაც ტელევიზიებსაც მივიწვევთ, გავაკეთებთ რეკლამებს და მერე გულშემატკივართა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. არ მომერიდება და ვიტყვი, ასე გაუხმაურებლადაც კი, საქართველოში რაგბის თამაშებს ყველაზე მეტი მაყურებელი სწორედ ქუთაისში ჰყავს. ბოლო დროს ტრიბუნებზე გულშემატკივართა რაოდენობამ იკლო, მაგრამ ეს იმიტომ, რომ თამაშებმა შუადღეს გადმოიწია და ის ადამიანები, რომლებიც სამსახურში არიან, მოსვლას ვერ ახერხებენ. ძალიან მალე მოვა დრო, როდესაც ქუთაისში ყველა თამაშზე ტრიბუნები პირთამდე შეივსება და ნამდვილი სარაგბო ზეიმი გაიმართება.

- პირველი წრის შედეგით და თამაშის ხარისხით თუ ხართ კმაყოფილი?

- მიუხედავად იმისა, რომ შეცდომები დავუშვით და ბევრი თამაში დავთმეთ, ამ ეტაპისთვის უკმაყოფილო არ ვარ. ჩვენ გვინდოდა და გვინდა ყველა თამაშის მოგება, მაგრამ მორაგბეებს ვეთამაშებით, რომელთაც ასევე თავიანთი მიზნები აქვთ. ჩვენი მიზანი ექვსეულში, უფრო სწორედ ექვსეულის ზედა ნაწილში მოხვედრა იყო და მთლად გეგმის მიხედვით ვერ მივდივართ, თუმცა ამას თავისი მიზეზებიც აქვს. ტრავმების გარდა, რამდენიმე მატჩში 9-10 მორაგბე იმის გამო დაგვაკლდა, რომ ისინი ახალგაზრდულ ნაკრებებში იყვნენ გამოძახებული. ალბათ, ჩვენი შეცდომა იყო თამაშების გადადება რომ არ მოვითხოვეთ. პირველად მოხდა ჩემპიონატის განმავლობაში გუნდი სამი კვირა ერთად რომ ვიყავით და შედეგიც სახეზეა. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი მწვრთნელი მხოლოდ მაშინაა კმაყოფილი, როდესაც მისი გუნდი ბოლო, ფინალურ თამაშს მოიგებს და ჩვენც ვეცდებით, რომ 2015 წელს კიდევ უკეთესი თამაში ვაჩვენოთ.

- სად მოემზადება გუნდი ჩემპიონატის დასკვნითი ნაწილისთვის?

- თუ ყველაფერი კარგად აეწყო, შეკრება დუშეთში გვექნება. ადგილი შერჩეული გვაქვს და იქაური პირობებით კმაყოფილი ვარ. სამწუხაროდ, მეორე წრეშიც იქნება პერიოდი, როდესაც ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული მორაგბეები ვერ დაგვეხმარებიან და ამისათვის აქედანვე ვემზადებით. ცუდია, რომ ვერავის დავიმატებთ, მაგრამ ახალგაზრდები მოდიან და მათგან მივიღებთ შევსებას.

- სეზონის სტარტზე იყო საუბარი, რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ნაკრებები ევროტურნირებში ჩაებმებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ ერთი გუნდი - “თბილისის კავკასიელები” გაკეთდა. თუ ხართ მზად, რომ სამომავლოდ დასავლეთ საქართველოს სახელით ცალკე გუნდად გამოხვიდეთ?

- მარტო “აია” ამისათვის მზად არაა. “კავკასიელებში” ჩვენგანაც იყო გამოძახებული რამდენიმე ბიჭი და ტრავმების გამო მათ “როვიგოს” წინააღმდეგ ვერ ითამაშეს. დასავლეთ საქართველოს სახელით შეგვიძლია ჩვენ და “ბათუმი” გავერთიანდეთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ არც ეს იქნება საკმარისი და მაინც მოგვიწევს თბილისური კლუბებიდან მორაგბეების დამატება. თუ ორი გუნდით გავალთ ევროთასებზე, სჯობს პრიორიტეტი პირველ გუნდს მიენიჭოს და მასში საუკეთესოებმა ითამაშონ, ხოლო დანარჩენი მოთამაშეებით მეორე გუნდი შევკრათ, გამოცდილება მივიღოთ და დავინახოთ რა დონეზე ვართ.

0.112961