“ვალენსიასა” და “ბილბაოს” მთავარი მწვრთნელები, ნუნუ ესპირიტო სანტო და ერნესტო ვალვერდე ფრედ დასრულებული (0:0) შეხვედრის შემდგომ, პრესკონფერენციაზე წარსდგნენ და აღნიშნულ მატჩზე ისაუბრეს.
ნუნუ ესპირიტო სანტო (“ვალენსია”): “მიუხედვად იმისა, რომ შედეგი და თამაშის ხარისხი არასასურველია, ჩემი ბიჭებით მაინც ვამაყობ.
პირველ ნახევარში ჩვენ რამდენიმე შანსი გვქონდა და მეორე ნახევარსაც ვაკონტროლებდით, თუმცა მეტი უნდა გაგვეკეთებინა.
უნდა აღვნიშნო გაზონის ძალიან ცუდი მდგომარეობა. საფარი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და მისი შეცვლა სასწრაფოდ აუცილებელია. ასეთ მოედანზე თამაში ძალიან რთულია და შეხვედრის სანახაობრივ მხარეზე უარყოფითად მოქმედებს”.
ერნესტო ვალვერდე (“ბილბაო”): “ვალენსია” ლამაზად მახსენდება. აქ გატარებული პერიოდი ძალიან კარგი იყო ჩემთვის. დღეს ეს გუნდი ძალიან ძლიერია და ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდება.
მეორე ნახევარში უფრო მეტად თავდაჯერებულნი ვიყავით და წინაც წავედით, რასაც პირველ ტაიმზე ვერ ვიტყოდი. მოწინააღმდეგეს თავის თამაშის საშუალება არ მივეცით და ნორმალურად არ შევატევინეთ. დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს”.
შეგხსენებთ, რომ 11 ტურის შემდეგ “ვალენსია” ლა ლიგაში 24 ქულით მე-3 ადგილს იკავებს, ხოლო “ბილბაო” 12 ქულით მე-11 პოზიციაზეა.