ჭადრაკი

1:24 | 2.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავამ მდგომარეობა გაიუმჯობესა

საქართველოს ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ (2722) ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე პრესტიჟულ ტურნირზე მორიგი პარტია მოიგო და თავი 4.0 ქულას მოუყარა.

მე-6 ტურში ბაადურმა თეთრი ფიგურებით სომეხი რობერტ ჰოვანისიანს (2591) სძლია და დამატებითი მაჩვენებლებით 35-ე ადგილზე იმყოფება, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ მე-3 პოზიციაზე მყოფ შვედ ნილს გრანდელიუსს (2573) მხოლოდ 0.5 ქულით ჩამორჩება.

ტურნირის ლიდერი უმაღლესი რეიტინგის მქონე ანიშ გირი (2776) გახლავთ, რომელმაც 6-ვე პარტია მოიგო, მე-2 ადგილზე მყოფ რუს ვლადიმირ კრამნიკს (2760) კი აქტივში 5.0 ქულა აქვს.

დოჰაში მოთამაშე დანარჩენ ქართველ მოჭადრაკეთა მაჩვენებლები ასეთია: 62. ბელა ხოტენაშვილი (2504) – 3.0 ქულა; 88. ლელა ჯავახიშვილი (2486) – 3.0; 90. მიხეილ მჭედლიშვილი (2622) – 3.0; 98. ნინო ბაციაშვილი (2442) – 2.5; სოფიკო გურამიშვილი (2388) – 1.5;

მე-7 ტურში ჯობავა შავი ფიგურებით აზერბაიჯანელ ელტაჯ საფარლის (2628) ეთამაშება, ცენტრალური კი კრამნიკის და გირის პარტია იქნება.

0.113946