საბერძნეთის საფეხბურთო სუპერლიგის მე-12 ტურში, კრეტას ოფი, სადაც მეკარე გიორგი ლორია და შემტევი ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი გამოდიან, სტუმრად “იანინასთან” 0:3 დამარცხდა. ორივე ქართველმა ლეგიონერმა პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა. ოფი 10 ქულით 18 გუნდში მეთოთხმეტეა.
დანიის სუპერლიგის მე-16 ტურში, “ოდენსემ” გასვლაზე “სილკებორგს” 1:0 აჯობა. ფორვარდი ლადო დვალიშვილი, რომელმაც წინა ტურში გოლი გაიტანა, სტუმართა სათადარიგოებში იმყოფებოდა, მაგრამ ამჯერად თავის გამოჩენის შანსი არ მისცეს. “ოდენსე” 18 ქულით 12 გუნდში მეათეა.
პირველი დივიზიონის მე-12 ტურში “ორჰუსი” “ფრედერისას” ესტუმრა და 3 ქულა აიღო - 2:1. ორჰუსელთა შემადგენლობაში ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ თავდამსხმელმა მათე ვაწაძემ ითამაშა, რომელიც სასტარტოში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს. შემტევი დავით სხირტლაძე თამაშში არ ჩართულა, ხოლო ნახევარმცველი დავით დევდარიანი დიდი ხანია ტრავმირებულია. “ორჰუსი” 31 ქულით 12 გუნდში მესამეა.
კვიპროსის პირველი დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) მე-11 ტურში ნიქოზიის “ომონია” სტუმრად აპოელ-თან 0:1 დამარცხდა. მარჯვენა მცველ უჩა ლობჟანიძეს ტრავმის გამო არ უთამაშია, ხოლო ნახევარმცველი შოთა გრიგალაშვილი სათადარიგო შემადგენლობაში იყო და მოედანზე არ გასულა. “ომონია” 16 ქულით 12 გუნდში მეშვიდეა.
უკრაინის პრემიერლიგის მე-14 ტურში, ლუგანსკის “ზორია” გასვლაზე ხარკოვის “მეტალისტთან” 2:4 დამარცხდა. ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია ლუგანსკელთა 18-კაციან განაცხადში იმყოფებოდა, მაგრამ თამაშში არ ჩართულა. “ზორია” 18 ქულით 14 გუნდში მეშვიდეა.
ზაპოროჟიეს “მეტალურგმა” სახლში დონეცკის “შახტართან” 0:4 წააგო. ნახევარმცველი ვალერიან გვილია ზაპოროჟიელთა სამატჩო განაცხადში არ ფიგურირებდა. “მეტალურგი” 9 ქულით მეთორმეტეა.
მოლდოვის ნაციონალ დივიზიის მე-16 ტურში, “საქსანმა” შინ კიშინიოვის “ზიმბრუსთან” მხოლოდ ქულა აიღო – 0:0. ნახევარმცველი ირაკლი გოგინაშვილი მასპინძლების სასტარტოში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. “საქსანი” 21 ქულით 16 გუნდში მეექვსეა.
სომხეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში, ერევნის “ულისი” “პიუნიკს” ესტუმრა და 0:3 წააგო. ნახევარმცველი გიორგი ხუბუა დამარცხებულთა სასტარტოში იყო, ხოლო ერევნელთა კიდევ ერთი ლეგიონერი ფორვარდი ზამირ ჯანაშია სათადარიგოებში ვერ მოხვდა. “ულისი” 8-გუნდიან ჩემპიონატს 34 ქულით ლიდერობს.
“განძასარამა” თავის მოედანზე “მიკას” ვერ აჯობა. ნახევარმცველი ოთარ ჩაფიძე სტუმართა თადარიგში იჯდა. “მიკა” 17 ქულით მეექვსეა.
რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში, “სპარტაკმა” მოსკოვური დერბი სტუმრად “ლოკომოტივთან” წააგო – 0:1. ნახევარმცველი ჯანო ანანიძე სპარტაკელთა სამატჩო განაცხადში მოხვდა, თუმცა არ უთამაშია. “სპარტაკმა” 25 ქულა დააგროვა და 16 გუნდში მეექვსეა.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-14 ტურში, გიორგი ჩიხრაძის მიერ გაწვრთნილმა ზაქათალის “სიმურგმა” შინაურ კედლებში ლიდერ აგდამის “ყარაბაღთან” 2:3 წააგო. “სიმურგი” 17 ქულით 10 გუნდში მეექვსეა.
პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-11 ტურში, “ჟილ ვისენტემ” “ნასიონალი” მიიღო და ვერ მოუგო – 0:0. ქართველი ნახევარმცველი ავთო ებრალიძე მასპინძელთა სამატჩო განაცხადში ვერც ამჯერად მოხვდა. სამწუხაროა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატს ბოლო პერიოდში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. “ჟილ ვისენტე” 4 ქულით 18 გუნდში ბოლოსწინაა.
სეგუნდა ლიგის მე-16 ტურში “ფეირენსემ” შინ ლისაბონის “სპორტინგ II”-ს აჯობა – 2:0. მეკარე გიორგი მაკარიძე, რომელიც თასზე ათამაშეს, კვლავ ფეირენსელთა თადარიგში აღმოჩნდა. “ფეირენსე” 20 ქულით 24 გუნდში მეთოთხმეტეა.
გერმანიის მე-3 ლიგის მე-19 ტურში “ჰალეშერმა” სახლში “ოსნაბრუკს” 2:1 აჯობა. შემტევმა ნახევარმცველმა აკაკი გოგიამ მასპინძლებში 90 წუთი ითამაშა. “ჰალეშერი” 25 ქულით 20 გუნდში მეცამეტეა.
“უნტერჰახინგმა” “როტ-ვეისს” უმასპინძლა და 4:2 გაიმარჯვა. ნახევარმცველმა ლუკა ჰუფნაგელმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, “უნტერჰახინგში” 35-ე წუთიდან ითამაშა. უნტერჰახინგელები 22 ქულით მე-15 პოზიციაზე იმყოფებიან.