იტალიის სერია A-ს მე-13 ტური ძალზე შედეგიანი და ლამაზი სანახავი გამოდგა. განსაკუთრებული სიამოვნება ფეხბურთის გურმანებმა რომში და ტურინში გამართული შეხვედრებიდან მიიღეს. “იუვენტუსსა” და “რომას” შორის სამ ქულიანი დისტანცია შენარჩუნებულია, ხოლო მე-3 ადგილს მოულოდნელი მფლობელი ჰყავს “ჯენოას” სახით. ანდრეა პირლოს ულამაზესი და გადამწყვეტი გოლი დერბიში მატჩის ბოლო წამზე, ბრუნო პერესის ენით აღუწერელი მოქმედება და “ტორინოს” ისტორიული გოლი. ეს იმ გამორჩეულ ეპიზოდთაგანია, რაც კალჩოს მე-13 ტურში დაფიქსირდა.
სანამ ტურის ცენტრალურ შეხვედრაზე ვიტყოდეთ, მანამდე, ტურინულ დერბიზე გიამბობთ. შეხვედრა ძალზე დაძაბული და ამასთან, ლამაზი სანახავი გამოდგა. მატჩს არ აკლდა არაფერი, არც ლამაზი გოლები, არც დინამიკა, არც გაძევება, არც დაძაბულობა. მოკლედ, “დერბი დელა მოლემ” მოლოდინი, როგორც იქნა გაამართლა. “იუვე” ამ დაპირისპირებაში ყოველთვის ფავორიტად მიიჩნევა, თუმცა ამ შეხვედრაში მათ სამი ქულის მოპოვება ძალზე გაუჭირდათ. ანგარიში მე-15 წუთზე არტურო ვიდალმა თერთმეტმეტრიანით გახნსა და ბევრს ეგონა, რომ “ბებერი ქალბატონი” ადვილად მოიგებდა, მაგრამ 22-ე წუთზე “ტორინოს” მარჯვენა ფლანგელმა ბრუნო პერესმა საოცარი გოლი გაიტანა. პერესმა ბურთი საკუთარი საჯარიმოდან წამოიღო და სოლო რეიდით მეტოქის საჯარიმოში შევიდა, საიდანაც მან მარკო სტორარის კარში უძლიერესად და რაც მთავარია ზუსტად დაარტყა. პერესის გატანილი გოლი სტუმართათვის ისტორიული გამოდგა, რადგან “ტორინოს” “იუვეს” კარში ბოლოს 12 წლის წინ, 2002 წელს ჰქონდა გატანილი. ბრაზილიელმა “ტოროსთვის” მეტად უსიამოვნო ტრადიცია ულამაზესი გოლით დაარღვია. მასპინძლები მეორე ტაიმში ზეწოლას აძლიერებდნენ, თუმცა რეალური საფრთხის შექმნას ვერ ახერხებდნენ, მეტიც, “ტორინო” უფრო ახლოს იყო მეორე გოლთან, ვიდრე მათი სახელოვანი მეტოქე. და მაინც, მსაჯის კომპენსირებული დროის ბოლო წამებზე ვეტერანმა ანდრეა პირლომ გადაცემა არტურო ვიდალიგან მიიღო, ერთი შეხებით დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა და ჟან-ფრანსუა ჟილეს მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა. საბოლოოდ დრამატული შეხვედრა “იუვენტუსმა” 2:1 მოიგო.
ტურის ცენტრალური მატჩი კი რომში გაიმართა, სადაც “რომამ” “ინტერი” მიიღო. ამ გუნდების შეხვედრა ყოველთვის გამოირჩეოდა უხვგოლიანობით და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა გამოდგა. ანგარიში 21-ე წუთზე ჟერვინიომ გახნა, რომელმაც ადემ ლიაიჩისგან კარგი გადაცემა მიიღო და ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი. რობერტო მანჩინის შეგირდებმა მალევე გაათანაბრეს. 36-ე წუთზე ანდრეა რანოკიამ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და ანგარიშიც გაათანაბრა. მეორე ნახევარი მსაპინძლებმა აქტიურად დაიწყეს, რამაც შედეგი პირველივე შეტევის დროს გამოიღო. გოლი კი ძალიან ლამაზი გამოდგა. რომაელთა ბერძენმა მცველმა ჰოლებასმა ორი მეტოქე მოატყუა, საჯარიმოში შევიდა სამირ ჰანდანოვიჩს შორეულ კუთხეში გაუტანა. “ინტერი” მაინც არ გატყდა და ზუსტად 16 წუთში ისევ გაათანაბრა. ამჯერად მასპინძელთა კარი გუნდის ყოფილმა ფორვარდმა პაბლო ოსვალდომ დალაშქრა. ბრაზილიელი დოდოს დაბალი გადაცემის შემდეგ, ოსვალდომ ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა კარში. “მგლები” მესამედ წინ მირალემ პიანიჩმა გაიყვანა, ვინაც ჟერვინიოსა და ფრანჩესკო ტოტის აქტიურობის შემდეგ, ზუსტად დაარტყა. შეხვედრას წერტილი 90-ე წუთზე ისევ პიანიჩმა დაუსვა. ამჯერად ბოსნიელმა ნახევარმცველმა შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:2
როგორც იქნა მოიგო ფილიპო ინძაგის “მილანმა”. “როსონერიმ” საკუთარ მოედანზე “უდინეზე” დაამრცხა 2:0. შეხვედრის გმირი მასპინძელთა ფრანგი თავდამხმელი ჟერემი მენეზი გამოდგა, რომელმაც უდინელებს დუბლი შეუსრულა. მენეზმა ანგარიში 65-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით გახნა. მაურიციო დომიცის და კეისუკე ჰონდას ორთაბრძოლის დროს შეხვედრის არბიტრმა დამნაშავედ სტუმართა მცველი სცნო და იგი ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან მიაბრძანა, უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი კი მენეზმა გოლად აქცია. ფრანგმა ფეხბურთელმა ანგარიშის გაორმაგება 10 წუთში შეძლო, მან მარცხენა ფლაგზე კარგად ითამაშა, ოდნავ ცენტრისკენ შეიწია და კარნეზის ახლო კუთხეში გაუტანა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და “მილანმაც” მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო “ფიორენტინამ”. ფლორენციელებმა ამჯერადაც სტუმრად მოახერხეს 3 ქულის მოპოვება. მათი მსხვერპლი კი ზდენეკ ზემანის “კალიარი” გამოდგა. “იებმა” მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს. დუბლი შეასრულა მატი ფერნანდესმა, რომელმაც პირველ ტაიმში ჯარიმიდან იხეირა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში საჯარიმოს მისადგომებიდან აიღო სარდინიელთა კარი. მესამე გოლი კი გერმანელი მარიო გომესის ანგარიშზეა, რომელმაც, როგორც იქნა ტრავმა მოიშუშა. გერმანელი თავდამსხმელი მეკარე კრანიოსთან პირისპირ აღმოჩნდა და გატანა არ გასჭირვებია. შეხვედრას წერტილი 74-ე წუთზე ხუან კუადრადომ დაუსვა. კოლუმბიელიც ბორხა ვალეროს კარგი პასის შემდეგ, მასპინძელთა მეკარესთან ერთ-ერთზე დარჩა და შეხვედრას წერტილი დაუსვა.
შესაძლოა ერთი დღით, მაგრამ მაინც, მესამე ადგილზე ჯამპიერო გასპერინის “ჯენოა” აღზევდა. გენუელებმა ამჯერადაც ფეერიული შეხვედრა ჩაატარეს. ამჯერად აუტსაიდერ “ჩეზენასთან”. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როცა ლიგურიელებმა სამჯერ აიღეს ნიკოლა ლეალის კარი. ანგარიში მე-5 წუთზე ალესანდრო მატრიმ გახნა, რომელმაც ჩემპიონატში თავისი მე-6 გოლი გაიატანა. სამ წუთში სტუმრებმა კიდევ ერთხელ იხეირეს, ანგარიშის სხვაობა ლუკა ანტონელიმ გაზარდა, რომელმაც მატრის ქუსლით გაკეთებული გადაცემა დაუფასა. შეხვედრას წერტილი 43-ე წუთზე “ჩეზენას” მცველმა მასიმო ვოლტამ დაუსვა, ვინაც საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. ვოლტას ბურთი ნიკოლას ბურდისოს შორეული დარტყმის შემდეგ მოხვდა, თუმცა მას ავტო გოლი ჩაეთვალა. აღსანიშნავია, რომ მატრის დუბლის შესრულებაც შეეძლო, თუმცა თერთმეტი მეტრიდან ლეალის ვერ აჯობა. “ჯენოა” სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე “სამპდორია” “ნაპოლის” შეხვედრის დასრულებამდე იქნება დამკვიდრებული.
“პარმამ” ისევ წააგო. ემილიელები ამჯერად პალერმოდან დაბრუნდნენ ხელმოცარულნი. ანგარიში “პალერმოს” 20 წლის ფორვარდმა პაულო დიბალამ გახსნა. არგენტინელმა გოლი ენცო მარესკასა და ვიტორ ბარეტოს ორიგინალურად გათამაშებული საჯარიმოს შემდეგ გაიტანა. პარმეზანელებმა გათანაბრება პირველივე ტაიმში მოახერხეს. მე-40 წუთზე ამის გაკეთება რაფაელე პალადინომ შეძლო. პალადინო მეკარე სორენტინოსთან ერთ-ერთზე დარჩა და ვეტერან მეკარეს ბურთი თავზე ლამაზად გადაუგდო. სიცილიელებმა გამარჯვება 73-ე წუთზე მოიპოვეს. პირველი გოლის ასისტენტმა ბარეტომ, ამჯერად თავად იხეირა. პარაგვაელი ნახევარმცველი საჯარიმო დარტყმის მეკარის მოედანზე ჩაწოდებას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ ბურთის კარის ბადეში აღმოჩნდა. დარჩენილ დროში ტაბლოზე ანგარიში აღარ შეცვლია და “პარმამ” მორიგი მარცხი განიცადა, რომელიც შესაძლოა რობერტო დონადონის აღარც აპატიონ.
ტურის ყველაზე მოსაწყენი შეხვედრა ემპოლიში გაიამრთა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა ბერგამოს “ატალანტა” მიიღო. გუნდები ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ და ქულები გაიყვეს. “ემპოლის” ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე მოედანზე 79-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მან ფრანჩესკო ტავანო შეცვალა. თუმცა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხა.
სერია A-ს მე-13 ტური ორშაბათს, “სამპდორიასა” და “ნაპოლის” საინტერესო შეხვედრით დასრულდება.
“მილანი” - “უდინეზე” 2:0 (0:0)
მილანი, “სან სირო”
“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი; რამი, ბონერა, მექსე, არმერო; ესიენი, ვან გინკელი (მონტოლივო 88), ბონავენტურა; ჰონდა (პოლი 81), მენეზი (პაცინი 79), ელ შაარავი
მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი
“უდინეზე” (4-3-1-2): კარნეზისი; პირისი, დანილო, ჰეტრო, დომიცი; ალანი, ბადუ, გილერმე (გეიხო 85); კონე (ფერნანდესი 76); დი ნატალე (პასკუალე 66), ტერო
მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი
გოლები: 1:0 მენეზი (65, პენ), 2:0 მენეზი (75)
გაფრთხილებები: ესიენი (54, 71) - ბადუ (60), დანილო (64)
გაძევება: ესიენი (71) - დომიცი (62)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (6) - 6 (0) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 7:0 გაფრთხილებები: 2:2 გაძევება: 1:1
მსაჯი: პაოლო ვალერი
“კალიარი” - “ფიორენტინა” 0:4 (0:1)
კალიარი “სანტ ელია”
“კალიარი” (4-3-3): კრანიო; ბალცანო (კაპუანო 68), როსეტინი, ჩეპიტელი, პიზანო; კრესეტიჯი, კონტი, ეკდალი (დესენა 59); კოსუ, ფარიასი (ლონგო 63), იბარბო
მწვრთნელი: ზდენეკ ზემანი
“ფიორენტინა” (3-5-2): ნეტო; სავიჩი (ტომოვიჩი 74), როდრიგესი, ბასანტა; კუადრადო (ვარგასი 77), ბორხა ვალერო, პიზარო, მატი ფერნანდესი (აკვილანი 69), ალონსო; ხოაკინი, გომესი
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
გოლები: 0:1 მატი ფერნანდესი (17), 0:2 მატი ფერნანდესი (55), 0:3 გომესი (69), 0:4 კუადრადო (74)
გაფრთხილებები: იბარბო (37), ჩეპიტელი (53) – ბორხა ვალერო (7), ალონსო (32)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (6) - 17 (7) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 6:6 გაფრთხილებები: 2:2
მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე
“ჩეზენა” - “ჯენოა” 0:3 (0:3)
ჩეზენა, “დინო მანუცი”
“ჩეზენა” (4-3-1-2): ლეალი; მაძოტა, ლუკინი, ვოლტა, ჯორჯი; კარბონერო, კოპოლა (როდრიგესი 35), კაშონე; ბრიენცა (ტაბანელი 54); დეფრელი (ჯურიჩი 70), ალმეიდა
მწვრთნელი: პიერპაოლო ბიზოლი
“ჯენოა” (3-4-3): პერინი; იცო (დე მაიო 88), ბურდისო, რონკალია; როზი, კუჩკა, ბერტოლაჩი, ანტონელი; ფალკე (ლესტიენი 85), მატრი (პინილია 90), პეროტი
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
გოლები: 0:1 მატრი (5), 0:2 ანტონელი (8), ვოლტა (43, ავტო გოლი)
გაფრთხილებები: ჯორჯი (32), ლუკინი (33), კარბონერო (51) - რონკალია (35), ბურდისო (89)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (4) - 14 (6) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 4:10 გაფრთხილებები: 3:2
მსაჯი: კარმინე რუსო
“ემპოლი” - “ატალანტა” 0:0 (0:0)
ემპოლი, “კარლო კასტელანი
”ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰიჟაი, რუგანი, ტონელი, მარიო რუი; ვალდიფიორი, კროჩე (კროჩე 74), ვერდი (პუჩიარელი 60) ; ვეკინო; ტავანო (მჭედლიძე 79), მაკარონე
მწვრთნელი: მაურიციო სარი
“ატალანტა” (4-4-1-1): სპორტიელო; ძაპაკოსტა, სტენდარდო, კერუბინი, დრამე (დელ გროსო 74); გომესი (მილიაჩო 60), კარმონა, ჩიგარინი, მაქსი მორალესი; რაიმონდი (დ’ალესანდრო 12); დენისი
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო
გაფრთხილებები: კროჩე (5), ტავანო (73) - დრამე (29), ჩიგარინი (83), მილიაჩო (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (5) - 5 (1) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 11:2 გაფრთხილებები: 2:3
მსაჯი: სებასტიანო პერუცო
“პალერმო” - “პარმა” 2:1 (1:1)
პალერმო, “რენცო ბარბერა”
“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; ანდელკოვიჩი, მუნოზი, გონსალესი; მორგანელა, ბარეტო, რიგონი, მარესკა (ბელოტი 59), ლაზაარი (დაპრელა 46); ვასკესი (ბოლცონი 89), დიბალა
მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი
“პარმა” (3-5-2): იაკობუჩი; ლუკარელი, კოსტა, ფელიპე; რისტოვსკი (რისპოლი 78), გალოპა (ლუკას სოუზა 78), ლოდი, მაური; გობი; პალადინო (ბელფოდილი 86), კასანო
მწვრთნელი: რობერტო დონადონი
გოლები: 1:0 დიბალა (37), 1:1 პალადინო (40), 2:1 ბარეტო (73)
გაფრთხილებები: ბარეტო (65, 90), ვასკესი (85) - კოსტა (63), ფელიპე (77, 80)
გაძევება: ბარეტო (90) - ფელიპე (80)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (6) - 17 (6) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 9:2 გაფრთხილებები: 3:3 გაძევება: 1:1
მსაჯი: მასიმიალონო ირატი
“იუვენტუსი” - “ტორინო” 2:1 (1:1)
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”
“იუვენტუსი” (4-3-1-2): სტორარი; ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა; მარკიზიო (პერეირა 64), პირლო, პოგბა; ვიდალი; ტევესი (ოგბონა 83), ლორენტე (მორატა 58)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
“ტორინო” (3-5-2): ჟილე; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; პერესი, ვივესი (ბენასი 53), გაცი, ელ კადური (მინო სანჩესი 90), დარმიანი; კვალიარელა (ლარონდო 72), ამაური
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა
გოლები: 1:0 ვიდალი (15, პენ), 1:1 პერესი (22), 2:1 პირლო (90)
გაფრთხილებები: პოგბა (59), ლიხშტაინერი (71, 78) - გლიკი (17), გაცი (46), ამაური (71), მორეტი (90)
გაძევება: ლიხშტაინერი (78)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (3) - 13 (5) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 8:4 გაფრთხილებები: 2:4 გაძევება: 1:0
მსაჯი: დანიელე ორსატო
“რომა” - “ინტერი” 4:2 (1:1)
რომი, “ოლიმპიკო”
“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; მაიკონი, ასტორი, მანოლასი, ჰოლებასი; ნაინგოლანი, პიანიჩი, კეიტა (დე როსი 64); ჟერვინიო, ტოტი (იტურბე 85), ლიაიჩი (ფლორენცი 63)
მწვრთნელი: რუდი გარსია
“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; კამპანიარო, რანოკია, ჟუან ჟესუსი, დოდო (ობი 82); კუჟმანოვიჩი, მედელი (იკარდი 82), მ’ვილა (კოვაჩიჩი 67); გუარინი; ოსვალდო, პალასიო
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
გოლები: 1:0 ჟერვინიო (21), 1:1 რანოკია (36), 2:1 ჰოლებასი (46), 2:2 ოსვალდო (57), 3:2 პიანიჩი (60), 4:2 პიანიჩი (90)
გაფრთხილებები: კეიტა (44) - რანოკია (16), პალასიო (56), გუარინი (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (6) - 10 (4) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 7:4 გაფრთხილებები: 1:3
მსაჯი: პაოლო მაცოლენი
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) - 9 გოლი, ხოსე კალეხონი (“ნაპოლი”) - 8, ანტონიო დი ნატალე (“უდინეზე”) - 7, მაურო იკარდი (“ინტერი”) - 7, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) - 7, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 7