ფეხბურთი

3:41 | 1.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

დრამატული მატჩი “მესტალიაზე”

ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის ცენტრალური შეხვედრა “მესტალიაზე” გაიმართა, სადაც “ვალენსიამ” კატალონიური “ბარსელონა” მიიღო და დრამატულ ბრძოლაში 94-ე წუთზე წააგო.

შეხვედრა მოსალოდნელად წარიმართა, “ბარსელონა” ბურთს დიდხანს აკონტროლებდა და პოზიციური შეტევებით გადიოდა ფონს, ხოლო “ღამურები” ძირითადად სწრაფი კონტრშეტევების იმედად იყვნენ და უნდა ითქვას, რომ ეს გამოსდიოდათ კიდეც. პირველი სახიფათო მომენტი სწორედ მასპინძლებმა შექმნეს, როდრიგო მორენო მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა და კარგად დაარტყა, მაგრამ ბრავომ კარგად ითამაშა. ცოტა ხანში უკვე ლუის სუარესს ჰქონდა ძალიან რეალური საგოლე მომენტი, მაგრამ დიეგო ალვეში შესანიშნავად გაისარჯა. უნდა ითქვას, რომ ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებდა ალვარო ნეგრედო, რომელიც ფიზიკური მონაცემების ხარჯზე მაღალ ბურთებზე მშვენივრად თამაშობდა და “ღამურებს” ბურთს უპოვებდა ხშირად. კატალონიელთაგან განსაკუთრებით ნეიმარი გამოირჩეოდა, რომელიც მარცხენა ფლანგიდან ამწვავებდა შეტევებს. ერთ-ერთ მომენტში ოტამენდისთან ბრძოლაში ნეიმარი პენალტს ითხოვდა, რასაც სიტუაციის დაძაბვა მოჰყვა და კინაღამ ხელჩართული ჩხუბი ატყდა. პირველ ტაიმში უფრო მეტი ყვითელი ბარათები ვიხილეთ, ვიდრე საგოლე მომენტები. ფერნანდეს ბორბალანმა ორი ვალენსიელი და სამი კატალონიელი გააფრთხილა. შემდეგ რეალური შანსი მსაჯის მიერ დამატებულ დროში ჰქონდა “ვალენსიას”, ანდრე გომეშს შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცა, რომ “ბარსელონასთვის” გასახდელში გაეტანებინა გოლი, მაგრამ პორტუგალიელმა ბურთი კარს ააცილა.
კლუბებმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყეს და მალევე როდრიგო მორენოს ჰქონდა გოლის გატანის კარგი შანსი, მაგრამ პიკემ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი. შემდეგ კი, მატჩის ყველაზე სადავო ეპიზოდი იყო. ლუის სუარესმა წესების სრული დაცვით გაიტანა გოლი, მაგრამ გვერდითი მსაჯი აშკარად შეცდა და არარსებული თამაშგარე დააფიქსირა. მასპინძლები კი, ისევ კონტრშეტევებზე თამაშობდნენ და მალე კლაუდიო ბრავოს მთელი თავისი ოსტატობის გამოვლენა მოუწია. ჩილელმა მეკარემ ჯერ ალვარო ნეგრედოს აუღო რთული დარტყმული, ხოლო შემდეგ სოფიან ფეგულის არ გაატანინა ერთი-ერთზე. მომენტების განიავებისთვის “ვალენსია” მწარედ დაისაჯა, შეხვედრის ბოლო 5 წუთში სათამაშო ინიციატივა მთლიანად “ბარსელონამ” იგდო ხელთ და მთელი ძალებით გადავიდა შეტევაზე. ისიც უნდა ითქვას, რომ მთლად სწორად არ მოიქცა ნუნუ ესპირიტო სანტო, რომელმაც ალვარო ნეგრედო გაიყვანა. “სიტის” ყოფილი ფორვარდი მაღალ ბურთებზე ძალიან კარგი იყო და ბოლოში სწორედ ამ კომპონენტში უჭირდათ მასპინძლებს. მსაჯის მიერ დამატებულ დროში “ბლაუგრანამ” რამდენიმე კუთხური მოაწოდა, ორი წარუმატებელი კუთხურის შემდეგ, როდესაც უკვე მესამე დამატებული წუთიც იწურებოდა, მათ მესამე გაითამაშეს, “ღამურებს” ლეო მესი დაავიწყდათ, რომელმაც საჯარიმოში მიიღო ბურთი და შორეულ ძელთან ჩააწოდა, სადაც ნეიმარმა აჯობა ყველას და ახლო მანძილიდან თავით დაარტყა, დიეგო ალვეშმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და ბურთი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას სერხიო ბუსკეტსმა აჯობა და ალვეშის დიდი მცდელობის მიუხედავად ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი გავიდა. გაშვებულმა გოლმა “მესტალიური” პუბლიკა ძალიან გააღიზინა და ლეო მესის, რომელიც გოლს აღნიშნავდა ტრიბუნიდან ნასროლი ნივთი გაარტყეს თავში. “ღამურებმა” ბურთის შეყვანაც ვერ მოასწრეს, რომ თამაში დასრულდა. “ლოს ჩემ” მიმდინარე სეზონში შინ პირველად წააგო და თანაც როგორ?! კატალონიურმა გრანდმა კი, 31 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილზეა.

ტრაგიკული ამბები დატრიალდა “ატლეტიკოსა” და “დეპორტივოს” მატჩამდე. მადრიდში კლუბების ულტრასებმა იჩხუბეს, რაც საბოლოოდ მსხვერპლით დასრულდა. 11 ადამიანი დაშავდა, ხოლო 1 – დაახლოებით 40 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. “დეპორტივოს” ქომაგი მდინარე მანზანარესში გადააგდეს, რომლის ამოყვანაც მოხერხდა, მაგრამ გადარჩენა ვერა.
რაც შეეხება შეხვედრას, მასპინძლებმა ადვილად მოუგეს გალისიელებს. ტაიმის ბოლოს საულმა გამოიჩინა თავი, ხოლო 55-ე წუთზე თურანმა გაიტანა და ამის შემდგომ “როხიბლანკომ” აშკარად დაინდო მეტოქე – 2:0.

“სევილიამ” იმავე ანგარიშით დაამარცხა “გრანადა”, როგორითაც წინა ტურში დამარცხდა “ბარსელონასთან”. პირველ ტაიმში ბაკამ და ელ არაბიმ გაცვალეს გოლები, ხოლო მეორე ნახევარში “დალაქებმა” მეტოქეს გადაუარეს და ოთხი უპასუხო გაუტანეს. თავი ბანეგამ, ბაკამ, მ’ბიამ და გამეირომ გამოიჩინეს – 5:1.

ისევ აგებს “კორდობა”, რომელიც შინ “ვილიარეალთან” დამარცხდა. ვიეტომ და უჩემ თითო-თითო გოლი აკმარეს ტაიმებში ლა ლიგის უიმედო აუტესაიდერს – 0:2.

ატლეტიკო – დეპორტივო 2:0 (1:0)


მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-4-2): მოია, ხიმენესი, გოდინი, ანსალდი, ხუნფრანი, საული (კ.როდრიგესი 66), ტიაგო, კოკე, თურანი, გრიზმანი (ჩერჩი 75), მანძუკიჩი (ხიმენესი 58).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

დეპორტივო (4-1-3-2):
ფაბრი, დიაკიტე, ინსუა, ლუისინიო, ხუანფრანი (ლაურე 16), სიდნეი, მედუნჯანინი (კუენკა 63), ხ.როდრიგესი, ვილკი, კავალიერო (ტოჩე 77).
მწვრთნელი: ვიქტორ ფერნანდესი

გოლები: 1:0 საული (43), 2:0 თურანი (55).
გაფრთხილებები: მანძუკიჩი, ხიმენესი – ხუანფრანი, ინსუა
მსაჯი: ტეიშეირა ვიტიენესი

სევილია – გრანადა 5:1 (1:1)

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

სევილია (4-2-3-1): ბეტო, კარისო, პარეხა, ვიდალი, ფიგეირაში, კრიშოვიაკი, მ’ბია, ბანეგა (დ.სუარესი 76), ვიტოლო, დეულოფეუ (რეიესი 63), ბაკა (გამეირო 86).
მწვრთნელი: უნაი ემერი

გრანადა (4-3-3): რ.ფერნანდესი, მურილიო, ბაბინი, ფოლქიერი, ხ.კარლოსი, ფ.რიკო, ხ.მარკესი (ედი 14), იტურა, სისოკო (კორდობა 68), პიტი (ისააკი 83), ელ არაბი.
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი

გოლები: 1:0;3:1 ბაკა (24;79), 1:1 ელ არაბი (42), 2:1 ბანეგა (65), 4:1 მ’ბია (89), 5:1 გამეირო (92).
გაფრთხილებები: კრიშოვიაკი – რ.ფერნანდესი, პიტი
მსაჯი: პრიეტო იგლესიასი

კორდობა – ვილიარეალი 0:2 (0:1)

კორდობა, “ნუევო არკანხელი”

კორდობა (4-2-3-1): ხ.კარლოსი, ბუზონი (ეკენგი 46), ი.ლოპესი, კამპებადალი, პინილიოსი, აბელი, დეივიდი, ბ.გარსია (კაბალიერო 85), ფიდელი (ვიკო 59), კარტაბია, გილასი.
მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი

ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, რუისი, პაულისტა, გასპარი, მარინი, ბ.სორიანო, ჯონათან დოს სანტოსი, რუკავინა (ტრიგეირაში 78), ჩერიშევი (ხ.კოსტა 71), გ.მორენო (უჩე 63), ვიეტო.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

გოლები: 0:1 ვიეტო (24), 0:2 უჩე (71).
გაფრთხილებები: დეივიდი, ი.ლოპესი – ვიეტო, ჩერიშევი
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი

ვალენსია – ბარსელონა 0:1 (0:0)

ვალენსია, “მესტალია”

ვალენსია (4-3-3): ალვეში, მუსტაფი, ოტამენდი, ბარაგანი, გაია, ფუეგო, პარეხო (ფელიპე 84), გომეში, როდრიგო (დე პაული 72), ფეგული, ნეგრედო (ალკასერი 82).
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე, მატიე (რაკიტიჩი 69), ალვეში, ალბა, მასკერანო, ბუსკეტსი, ხავი (რაფინია 80), ნეიმარი, მესი, სუარესი (პედრო 80).
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლი: ბუსკეტსი 94.
გაფრთხილებები: ბარაგანი, მუსტაფი, როდრიგო – ალბა, მატიე, პიკე, მესი
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი

ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 20. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 11. ლეო მესი (“ბარსელონა”) - 10. კარლოს ბაკა (“სევილია”) -9. ქარიმ ბენზემა ("რეალი") - 8. ხოაკინ ლარივეი ("სელტა") – 7.

თეგებილა ლიგა
0.173295