ფეხბურთი

22:26 | 30.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“წმინდანებმა” მეორე ადგილი “ქალაქელებს” გადაულოცეს

პრემიერლიგის მე-13 ტური ძალიან საინტერესო შეხვედრებით დასრულდა. მე-2 ადგილოსანმა “საუთჰემპტონმა” შინ უახლოესი მდევარი “მანჩესტერ სიტი” მიიღო და დიდი ანგარიშით დამარცხდა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მასპინძლებს ცუდად არ უთამაშიათ და ასეთ წაგებას არ იმსახურებდნენ.

მატჩი ორივე კლუბმა სწრაფ ტემპში დაიწყო და მალევე სადავო ეპიზოდი შეიქმნა, მე-8 წუთზე ფონტემ საჯარიმოში აგუერო წააქცია, მაგრამ მსაჯმა აშკარა პენალტი არ დადო და აქეთ გააფრთხილა არგენტინელი სიმულაციის გამო. შემდეგ იყო ტურეს შორეული დარტყმული, ხოლო 21-ე წუთზე მასპინძლებს 100%-იანი შანსი შეექმნათ, მაგრამ ჯო ჰარტმა შესანიშნავად ითამაშა და ჯერ პელეს, ხოლო შემდეგ დევისს აჯობა. 29-ე წუთზე უკვე “წმინდანები” გადარჩნენ, როდესაც იოვეტიჩის დარტყმული ჯერ ფორსტერმა მოიგერია, ხოლო შემდეგ ალდერვეირელდმა გამოიტანა კარიდან. პირველ ტაიმში მეტი სახიფათო მომენტი აღარ შექმნილა.
მეორე ნახევარში თავიდანვე დუშან ტადიჩს შეეძლო გატანა, მაგრამ ოდნავ არ გაუმართლა. სამაგიეროდ, თავიანთი შანსი გამოიყენეს სტუმრებმა. ვანიამამ ბურთი საჯარიმოსთან ახლოს დაკარგა, რითაც აგუერომ ისარგებლა და საჯარიმოს მისადგომებთან მყოფ ტურეს დაუგორა ბურთი, რომელმაც უძლიერესი დარტყმით ანგარიში გახსნა. “სიტის” მეორეს გატანაც შეეძლო, მაგრამ ნავასმა მიზანს ააცილა. 74-ე წუთზე კი, მასპინძლებს შეხვედრის გადარჩენის კარში შანსი გაუჩნდათ – დუშან ტადიჩმა ბურთი იაია ტურეს მოპარა, რომელიც მანგალამ აკრძალული ხერხით შეაჩერა, მეორე ყვითელი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. მასპინძლები მთელი ძალებით წავიდნენ წინ რისთვისაც ისინი დაისაჯდნენ. “სიტიმ” მორიგი კონტრშეტევა განახორციელა, მილნერმა ფრენკ ლამპარდს დაუგორა ბურთი და მანაც უშანსოდ დატოვა ფორსტერი. ლამპარდისთვის ეს გოლი 174-ე აღმოჩნდა პრემიერლიგაში და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში 1 გოლითღა ჩამორჩება მესამეზე მყოფ ტიერი ანრის. 88-ე წუთზე სტუმრებმა კიდევ ერთი კონტრშეტევა განახორციელეს და აგუერომ ამჯერად გაელ კლიშის გაატანინა - 0:3. “წმინდანებმა” მეორე ადგილი დაკარგეს და სწორედ “ქალაქელებს” გადაულოცეს. “ქალაქელთათვის” შეხვედრა მაინც ცუდად დასრულდა, ვინსენტ კომპანიმ ტრავმა მიიღო და უცნობია თუ რამდენ ხანს მოუწევს უქმობა კაპიტანს.

დღის მეორე შეხვედრაში “ტოტენჰემმა” “უაით ჰართ ლეინზე” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა “ევერტონი”. სტუმრები კევინ მირალაშის ულამაზესი გოლით იგებდნენ, თუმცა კრისტიან ერიკსენისა და რობერტო სოლდადოს გოლებით “მამლებმა” პირველივე ტაიმში შემოაბრუნეს შეხვედრის ბედი. “ტოტენჰემმა” 20 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო “ევერტონი” 17 ქულით მე-10 პოზიციაზეა.

საუთჰემპტონი – მანჩესტერ სიტი 0:3 (0:0)


საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი, ალდერვეირელდი, ფონტე, ბერტრანი, კლაინი, ვანიამა, შნეიდერლენი (იოშიდა 46), დევისი (მაიუკა 82), მანე (ლონგი 68), ტადიჩი, პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი, მანგალა, კომპანი, კლიში, ზაბალეტა, ფერნანდინიო, ტურე, ნავასი (დემიჩელისი 76), ნასრი (ლამპარდი 65), იოვეტიჩი (მილნერი 55), აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლები: 0:1 ტურე (51), 0:2 ლამპარდი (80), 0:3 კლიში (88).
გაფრთხილებები: ვანიამა – აგუერო, მანგალა, კომპანი
გაძევება: მანგალა 74.
მსაჯი: მაიკ ჯონსი

ტოტენჰემი – ევერტონი 2:1 (2:1)

ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (4-2-3-1):
ლორისი, ვერტონგენი, ფასიო, კირიკეში (დაიერი 70), დევისი, ბენტალები, მეისონი, კეინი, ერიკსენი, ლენონი (ლამელა 61), სოლდადო (პაულინიო 80).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, დისტინი, იაგიელკა, კოულმენი, ბეინსი, ბერი, ბესიჩი, ბარკლი, ეტო’ო (ოსმანი 61), მირალაში (მაკგიდი 61), ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლები: 0:1 მირალაში (15), 1:1 ერიკსენი (20), 2:1 სოლდადო (45+1).
გაფრთხილებები: კირიკეში, ლამელა, დევისი, ბენტალები, ერიკსენი - მირალაში
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

ბომბარდირები: სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) –12. დიეგო კოშტა (“ჩელსი”) - 11. ალექსის სანჩესი ("არსენალი") – 8. ბერაჰინო (“ვესტ ბრომვიჩი”) - 7.

0.155659