ფეხბურთი

17:27 | 30.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ღამურები” “ბარსელონას” შეეჭიდებიან

ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის ცენტრალური შეხვედრა დღეს ჩვენი დროით შუაღამისას “მესტალიაზე” გაიმართება, სადაც ადგილობრივი “ვალენსია” კატალონიურ “ბარსელონას” მიიღებს.

გარდა იმისა, რომ ორივე კლუბისთვის პრინციპული დაპირისპირებაა, ქულებს ოქროს ფასი აქვს, რადგანაც მადრიდული გრანდები მშვენიერ ფორმაში არიან და ის გუნდი, რომელიც დღეს ქულებს დაკარგავს გაცილებით გაიუარესებს სატურნირო მდგომარეობას. განსაკუთრებით ეს “ვალენსიას” ეხება, რომელიც ამ მომენტისთვის “რეალს” 9, “ატლეტიკოს” 5, ხოლო დღევანდელ მეტოქეს 4 ქულით ჩამორჩება. “ბარსელონა” “ბლანკოსს” 5 ქულით, ხოლო “როხიბლანკოს” 1 ქულით ჩამორჩება.

“ვალენსიამ” სეზონი შტამბეჭდავად დაიწყო და დიდი ხნის მანძილზე სამეულს არ მოშორებია, თუმცა გასულ 2 ტურში მხოლოდ ქულა მოიპოვა და მე-4 ადგილამდე დაიწია. მიუხედავად ამისა, “ღამურების” მთავარი მწვრთნელი, ნუნუ ესპირიტო სანტო ოპტიმისტურადაა განწყობილი და თავისი გუნდის წარმატების სჯერა. მისი თქმით, ფეხბურთელებს საჭირო დავალებები მიცემული აქვთ, ბოლომდე დაიხარჯებიან და შედეგი აუცილებლად იქნება. მიმდინარე წელს “ვალენსიამ” შინ 6 შეხვედრა ჩაატარა და აქედან 5 მოიგო, ხოლო 1 ფრედ ითამაშა (შინ ბოლო შეხვედრა “ბილბაოსთან” 0:0). საინტერესო ფაქტია, რომ წელს “ვალენსია” თუ იგებს 3 გოლი გააქვს. “მესტალიაზე” კლუბმა 15 გოლი გაიტანა და მხოლოდ 3 გაუშვა. ვალენსიელებს მეტოქესთან შედარებით ერთი დიდი უპირატესობა აქვს, ისინი ევროტურნირებზე არ მონაწილეობენ, შუა კვირაში არ უთამაშიათ და შეხვედრას უფრო მომზადებულნი და დასვენებულნი ხვდებიან. “ლოს ჩეს” რიგებში საეჭვოა პაკო ალკასერის თამაში, ხოლო ჟოაო პერეირა ჯიუტად არ შეყავს პორტუგალიელ მწვრთნელს განაცხადში.
ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ შეხვედრას “ღამურების” ახალი მილიარდელი მფლობელი, სინგაპურელი პიტერ ლიმი დაესწრება.

მცირე კრიზისის შემდეგ ჩვეულად ათამაშდა “ბარსელონა” და ლა ლიგაში ზედიზედ ორ მოგებულ შეხვედრას, შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე “აპოელთან” გამანადგურებელი გამარჯვება დაუმატა. კვიპროსში გამართულ შეხვედრაში, “ბლაუგრანას” მაისურით პირველი გოლი გაიტანა ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, რომელსაც ლა ლიგაში ჩატარებულ 4 შეხვედრაში თავი არ გამოუჩენია. სამაგიეროდ, ორივე ფრონტზე ყოჩაღობს არგენტინელი ვარსკვლავი ლეო მესი, რომელმაც ბოლო 2 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და ჯერ ლა ლიგაში მოხსნა ტელმო ზარას რეკორდი და ყველა დროის საუკეთესო მეგოლე გახდა, ხოლო შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთა იგივე და რაულის რეკორდი დაამხო. “ბარსელონამ” გასულ ტურში “სევილია” უშანსოდ (5:1) გაანადგურა და კატალონიური გრანდის კრიზისზე ლაპარაკი მიანელა. დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებული უნდა იყოს ჟერემი მატიესთვის, რომელიც 5 წელი თამაშობდა “ვალენსიაში” და ბოლო პერიოდში კაპიტნობდა კიდეც გუნდს. მას სავარაუდოდ პუბლიკა თბილად დახვდება, განსხვავებით ხორდი ალბასგან, რომელსაც “მესტალიაზე” ვერ იტანენ და წინა შეხვედრებში იუდად და გამყიდველად მოიხსენიებდნენ. “ბარსელონა” დღეს ანდრეს ინიესტასა და ტომას ვერმაელენს მოისაკლისებს.

შეხვედრას 41 წლის არბიტრი, ფერნანდეს ბორბალანი გაუძღვება. ანდალუსიელი 2004 წლიდან მსაჯობს ლა ლიგაში, ხოლო 2010 წლიდან ფიფას კატეგორიის არბიტრია.

საინტერესო ფაქტები

“მესტალიაზე” გამართული 79 შეხვედრიდან “ვალენსიამ” 29-ჯერ იმარჯვა, “ბარსელონამ” 31-ჯერ, ხოლო 19 მატჩი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება 129-126-ზე მასპინძელთა სასარგებლოდ.

გასულ სეზონში, ამ კლუბებს შორის გამართული მატჩები ერთნაირი ანგარიშებით 2:3 დასრულდა.

ჟერემი მატიე და ხორდი ალბა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებენ “მესტალიაზე”.

ლეო მესი გასულ კვირაში ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო მეგოლე გახდა.

მიმდინარე სეზონში “ვალენსიამ” 7 შეხვედრა მოიგო და 7-ჯერვე 3-3 გოლის გატანა მოახერხა.

“ვალენსიამ” კატალონონიური გრანდი “მესტალიაზე” ბოლოს 2008 წელს დაამარცხა ესპანეთის თასზე. “ღამურებმა” 3:2 იმარჯვეს.

ლუის სუარესს ჯერჯერობით ლა ლიგაში არ გაუტანია.

“ვალენსიასა” და “ბარსელონას” ლა ლიგაში ყველაზე ცოტა ბურთი აქვთ გაშვებული. “ღამურებმა” 11 ბურთი მიიღეს საკუთარ კარში, ხოლო “ბლაუგრანამ” – 6.

გუშინ კატალონიური გრანდის დაარსებიდან 115 წელი გავიდა.

ურთიერთშეხვედრები


01.02.2014 ბარსელონა – ვალენსია 2:3
01.09.2013 ვალენსია – ბარსელონა 2:3
03.02.2013 ვალენსია – ბარსელონა 1:1
02.09.2012 ბარსელონა – ვალენსია 1:0
20.02.2012 ბარსელონა – ვალენსია 5:1

სავარაუდო შემადგენლობები

ვალენსია (4-2-3-1):
ალვეში, მუსტაფი, ოტამენდი, ბარაგანი, გაია, ფუეგო, პარეხო, როდრიგო, გომეში, პიატი, ნეგრედო.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, მატიე, პიკე, ალვეში, ალბა, ბუსკეტსი, ხავი, რაკიტიჩი, ნეიმარი, მესი, სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი

თეგებილა ლიგა
0.200314