ფრანგული პსჟ-ს კაპიტანი ტიაგო სილვა მიიჩნევს, რომ მოედანზე ყოველ მესამე დღეს გასვლა მომქანცველია და სეზონის შუაში მის თანაგუნდელებს ძალა ელევათ.
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში პარიზელებმა “ნიცა” 1:0 დაამარცხეს, მაგრამ თამაშების რთული გრაფიკი “მარსელის” დევნას გაართულებს, რადგან პარიზელთა კონკურენტი ევროთასებში არ მონაწილეობს და შესაბამისად, ძალების აღსადგენად მეტი დრო რჩება.
“ნიცას” წინააღმდეგ კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ, თუმცა, მთლიანობაში გუნდს ბევრად უკეთ შეუძლია თამაში. შესვენების შემდეგ პსჟ ისეთი კარგი აღარ იყო. ფაქტია, რომ ფეხბურთელებს, რომლებსაც ყოველ მესამე დღეს უწევთ თამაში, დაღლა დაეტყოთ. მაგრამ, მომდევნო შეხვედრა ოთხშაბათს გვიწევს, დასასვენებლად არავის სცალია და უკვე მთელი ყურადღება “ლილთან” მატჩისკენ უნდა მივმართოთ” - გადმოგვცემს ბრაზილიელი მცველის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
პსჟ 33 ქულით მეორე ადგილზე და 1 ქულით ჩამორჩება ლიდერ “მარსელს”.