ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე, რომელიც თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი, ჯერჯერობით, ფავორიტის სტატუსს ამართლებს.
გორგოძემ მეოთხედფინალში კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – გერმანელი სინა ჰაასი 6:1, 6:2 დაამარცხა და ფინალის საგზურისთვის ჰოლანდიელ ჯანეკ ვიკერინკს გაეჯიბრება. მე-2 ნახევარფინალში მე-2 ნომრად განთესილი უნგრელი იანი და მე-5 რეიტინგის მქონე ბუზეანი ითამაშებენ.
წყვილთა შეჯიბრში მე-3 რეიტინგით მოასპარეზე გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ მაკედონიურ-ავსტრიული დუეტი (გიორჩესკა-კიონიგი, მე-3 განთესვა) 6:3, 7:6 (7:4) დაამარცხეს და ფინალში ხსენებულ იანის და ბულგარელ სტამატოვას (1-ლი განთესვა) დაუპირისპირდებიან.