“უაით ჰართ ლეინზე” ევროპა ლიგის მეხუთე ტურში ბელგრადის “პარტიზანთან” შეხვედრის წინ “ტოტენჰემის” ლეგიონერმა კრისტიან ერიკსენმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. ფეხბურთელის აზრით, პრემიერლიგის საუკეთესო ოთხეულში შესვლა რეალურია.
“ზუსტად 2 ქულა გვაშორებს ოთხეულთან. ვფიქრობ, ევროპა ლიგის მოგებით ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება უფრო რთულია. ამ გადმოსახედიდან პრემიერლიგის ოთხეულში შესვლა უფრო ადვილი მეჩვენება”, - უთხრა ერიკსენმა ჟურნალისტებს.
“ევროპა ლიგის მატჩებში უფრო ლაღად, თავისუფლად ვთამაშობთ. დაძაბულობის გარეშე ვახერხებთ შესაძლებლობების გამოვლენას. მსურს პრემიერლიგის მომდევნო მატჩში “ევერტონთანაც” ამგვარად ვითამაშოთ”, - დაასრულა დანიელმა.
პრემიერლიგის ცხრილში სიმჭიდროვეა, განსაკუთრებით ეს ითქმის პირველ ათეულზე. “ტოტენჰემი” მეათე ადგილზე იმყოფება და მეოთხეადგილოსანს 2 ქულით ჩამორჩება.
22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის ყველა ტურში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 4 გოლია.