ფეხბურთი

11:53 | 27.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ორჰუსში” ქართველებიდან მხოლოდ ვაწაძემ ითამაშა

დანიის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-17 ტურში, “ორჰუსმა”, რომლის რიგებშიც სამი ქართველი ლეგიონერია, სტუმრად “ბრონშოის” 2:1 სძლია. გამარჯვებულთა რიგებში ფორვარდმა მათე ვაწაძემ ითამაშა, ხოლო შემტევი დავით სხირტლაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მაგრამ მოედანზე შესვლა არ მოუწია. ნახევარმცველი დავით დევდარიანი კარგა ხანია ტრავმირებულია და ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპი ფაქტობრივად გაუცდა.

“ორჰუსის” ვებგვერდის ინფორმაციით, ვაწაძე აქტიური იყო და გოლის გატანის რამდენიმე შანსიც ჰქონდა, მაგრამ ამჯერად თავი ვერ გამოიჩინა. ორჰუსელებს 28 ქულით 12 გუნდში მე-4 ადგილი უკავიათ.

სამხრეთ აფრიკის პრემიერლიგაში “ბიდვესტმა”, რომელშიც გიორგი ნერგაძე ირიცხება, სტუმრად “მპუმალანგას” 2:1 აჯობა. ქართველ ნახევარმცველს არც ამჯერად უთამაშია. 32 წლის ნერგაძემ, რომელიც “ბიდვესტში” ზაფხულში გადავიდა, მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა.

0.118385