როგორც “დეილიმეილი” იტყობინება, თურქული “ბეშიქთაშის” ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ პიტერ ჩეხის ტრანსფერზე ლონდონის “ჩელსისთან” შეთანხმებას მოახერხებს.
32 წლის ჩეხი მეკარის შეძენით არაერთი კლუბია დაინტერესებული, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება დატოვებს თუ არა ის უახლოეს სატრანსფერო პერიოდში "არისტოკრატთა" რიგებს. ტიბო კურტუას ლონდონურ კლუბში დაბრუნების შემდეგ ჩეხის პოზიციები მნიშვნელოვნად შეირყა. ჩეხმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, როცა პრემიერლიგის მეშვიდე ტურში “სტემფორდ ბრიჯზე” “არსენალთან” დაპირისპირების 24-ე წუთზე ბელგიელი მეკარე ჩაანაცვლა.
“ბეშიქთაშის” პრეზიდენტმა ფაქრეთ ორმანმა Evening Standard-თან საუბრისას ჩეხის თაობაზე კომენტარი გააკეთა:
“ჩვენ ვმუშაობთ ლონდონის “ჩელსისთან,” რათა ტრანსფერი განხორციელდეს. ამ ეტაპზე კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი, რადგან “ჩელსის” არ გადაუწყვეტია დარჩება თუ არა გუნდში ჩეხი ფეხბურთელი.”
ამ თემაზე ჩეხის აგენტმა ვიქტორ კოლარმაც ისაუბრა.
“მსოფლიო ფეხბურთში წინასწარ რამის განსაზღვრა შეუძლებელი ხდება. ჩეხი უძლიერესი მეკარეა, თუმცა მისი შეძენის სურვილი ვფიქრობ სხვა გუნდებაც ექნებათ. დაველოდოთ სატრანსფერო ფანჯარას და გამოჩნდება დარჩება თუ წავა “ჩელსიდან” პიტერი” – აღნიშნა კოლარმა.