ფეხბურთი

2:42 | 25.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“წმინდანები” ბირმინგემში შეაჩერეს

პრემიერლიგის მე-12 ტურის დასკვნითი შეხვედრა “ვილა პარკზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ასტონ ვილამ” “საუთჰემპტონი” მიიღო და ქულა გაატანა შინ.

შეხვედრამ სტუმართა დიდი უპირატესობით ჩაიარა. “წმინდანები” მთელი შეხვედრის მანძილზე აღემატებოდნენ მეტოქეს, თუმცა ეს ანგარიშში არ აისახა. სტუმრებმა მატჩი თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე კარგი მომენტი შექმნეს. განსაკუთრებით რეალური მომენტი ჰქონდა დუშან ტადიჩს, რომელსაც ბოლო მომენტში დაუბლოკა მცველმა დარტყმული. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მასპინძელთა კარში გოლი მწიფდებოდა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. სტუმართა კარის დარაჯმა ფორსტერმა ბავშვური შეცდომა დაუშვა და აგბონლაჰორს გაატანინა.
მეორე ნახევარში “წმინდანები” უფრო გააქტიურდნენ, რამაც შედეგი 81-ე წუთზე გამოიღო. კლაინმა ძლიერი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა. მეტის გაკეთება რონალდ კუმანის შეგირდებმა ვეღარ მოახერხეს და ოთხმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტეს. “წმინდანები” 26 ქულით მე-2 პოზიციას იკავებენ.
რაც შეეხებათ მასპინძლებს, პოლ ლამბერტის გუნდს მე-4 ტურის შემდეგ არ მოუგია და 12 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება.

ასტონ ვილა – საუთჰემპტონი 1:1 (1:0)


ბირმინგემი, “ვილა პარკი”

ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი, კლარკი, ოკორე, ჰატონი, სისოკო, სანჩესი (ბენტი 74), ვესტვუდი, კლევერლი, ნ’ზოგბია (რიჩარდსონი 64), ვაიმანი, აგბონლაჰორი.
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი

საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი, ფონტე, ალდერვეირელდი, ბერტრანი, კლაინი, ვანიამა, შნეიდერლენი, მანე (მაიუკა 79), ლონგი (კორკი 89), ტადიჩი, პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გოლები: 1:0 აგბონლაჰორი (29), 1:1 კლაინი (81).
გაფრთხილებები: ოკორე – ვანიამა, კლაინი
მსაჯი: ფილ დაუდი

ბომბარდირები: სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) –12. დიეგო კოშტა (“ჩელსი”) - 11. ალექსის სანჩესი ("არსენალი") – 8. ბერაჰინო (“ვესტ ბრომვიჩი”) - 7.

0.111338