საქართველოს ჩემპიონატის მეორე დღეს სპორტკომპლექს “არენას” მთავარ დარბაზში გაშლილ ტატამზე 81, 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავე ძიუდოისტები გავიდნენ. შიდა კონკურენციაში ევროპის და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილისა (81 კგ) და ევროპის ჩემპიონ და მსოფლიოს პრიზიორ ვარლამ ლიპარტელიანის (90 კგ) გარდა ეროვნული ნაკრების ყველა წევრი და კანდიდატი ჩაერთო.
81 კილოგრამში შეჯიბრება წაუგებლად უშანგი მარგიანმა ჩაამთავრა. პირველ ნომრად განთესილმა ახალგაზრდა ძიუდოისტმა ფინალის გზაზე დავით ნარიმანიძე, ანზორ ბიბილაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი და ამბაკო ავალიანი დაამარცხა, გადამწყვეტ ბრძოლაში კი გიორგი პაპუნაშვილს აჯობა მეორე წუთის მიწურულს შესრულებული ვაზარით. პოდიუმის მესამე საფეხურზეც მარგიანისგან ძლეული კირაკოზაშვილი და ავალიანი ავიდნენ. საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა ახალგაზრდებს შორის ევროპის და მსოფლიოს წლევანდელი პირველობების ბრინჯაოს პრიზიორი ლევან გუგავა, რომელმაც ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა, ამბაკო ავალიანთან იპონით წაგებით, დამამშვიდებელ ეტაპზე კი თამაზ კირაკოზაშვილთან საჭიდაოდ აღარ გამოცხადდა.
90 კილოში, მოლოდინისამებრ, ყველას ბექა ღვინიაშვილმა აჯობა. 18 წლის ძიუდოისტი, რომელიც წლეულს 21-წლამდელებში ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი, დღეს საჩემპიონო ბრძოლაში პაატა ღვინიაშვილს დაუპირისპირდა და საქართველოს შარშანდელი პირველობის ნახევარფინალში განცდილი მარცხის გამო უილეთოდ, მაგრამ მაინც ზედმეტი ნერვიულობის გარეშე აუღო რევანში – პაატა ღვინიაშვილმა პასიური ჭიდაობის გამო მსაჯისგან ოთხი გაფრთხილება მიიღო.
ფინალამდე ბექამ სამი წმინდა გამარჯვება მოიპოვა. ის საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და გიორგი ვარდოსანიძეს აჯობა. მეოთხედფინალში გიორგი გიორგაძეს მტკივნეული ილეთით მოუგო, შემდეგ კი ბექა რატიანი შებოჭა.
ბრინჯაოს მედლებს ზვიად გოგოჭური და ნოდარ ბერიანი დაეუფლნენ.
თუ 81 და 90 კილოგრამებში ყველაფერი ლოგიკური ფინიშით დასრულდა, 100 კილოგრამში ორი უმთავრესი ფავორიტი სამეულს მიღმა დარჩა. საქართველოს შარშანდელი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი ამჯერად მხოლოდ მეოთხედფინალამდე მივიდა და ლაშა გურულთან ორჯერ დავარდა ვაზარზე, ბრინჯაოს ფრონტზე კი ორი ბრძოლიდან ერთი მოიგო და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.
საქართველოს 2013 წლის ჩემპიონატის ფინალისტი ალექსანდრე მსხალაძე ერთადერთხელ გავიდა ტატამზე – პირველსავე წრეში იპონით წააგო იასონ ნემსაძესთან.
პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ლაშა გურული ავიდა. ქუთაისელმა ძიუდოისტმა, რომელიც საქართველოს სამბისტთა ნაკრების წევრიცაა, თუშიშვილის ძლევამდე თორნიკე ოთინაშვილი და მიშიკო ჟორჟოლიანი ჩამოიშორა, ნახევარფინალში ლაშა ტაველურს სძლია სუფთა გდებით, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ალექსანდრე ზაალიშვილს დაუპირისპირდა და პირველსავე წუთზე, მეტოქის ტრავმის გამო გამარჯვებულად გამოცხადდა.
მესამე ადგილები იასონ ნემსაძემ და რევაზ წულუკიძემ დაიკავეს.
მძიმე წონაში საქართველოს ნაკრების გამოცდილმა წევრმა ადამ ოქრუაშვილმა აჯობა ყველას. პირველ ნომრად განთესილი მძიმეწონოსანი საჩემპიონო აღმართს იასონ კარიბოვის დამარცხებით შეუყვა, გიორგი ზაქარიაძე მსაჯს შიდოებით მოახსნევინა, ნახევარფინალში ამბროსი კონკროშვილს ორჯერ შეუსრულა ვაზარი. ფინალში ოქრუაშვილმა ონისე ბუღაძეს უილეთო ორთაბრძოლაში 4 გაფრთხილება მიაღებინა.
პოდიუმზე ავიდა ადამის ძმა ვახტანგიც, რომელმაც წლევანდელი სეზონი აზერბაიჯანის ნაკრების სახელით ჩაატარა და საქართველოში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა. მან ძირითად ბადეში გამოსვლა ბუღაძესთან შებოჭვით წაგებით დაასრულა. “ბრინჯაოს ფინალში” კი კონკროშვილს მოუგო.
ვახტანგ ოქრუაშვილის გარდა პოდიუმის მესამე საფეხურზე გიორგი ბოლოთაშვილიც ავიდა. ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მანაც ბუღაძესთან დაკარგა, ნახევარფინალში, იქამდე კი ორი ხმაურიანი გამარჯვება მოასწრო. ჯერ იყო და ჩემპიონატს იპონით გამოთიშა ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, საქართველოს 2013 წლის ჩემპიონი ლევან მატიაშვილი. შემდეგ კი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის ფინალისტ გუგა კიბორძალიძეს შეუსრულა ორი ვაზარი. რეპეშაჟის ფინალში ბოლოთაშვილმა გიორგი ზაქარიაძეს აჯობა.
საქართველოს ჩემპიონატის შედეგების გათვალისწინებით ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე სეზონის დასკვნით საერთაშორისო ტურნირზე – ტოკიოს გრან სლემზე (5-7 დეკემბერი) დასაყენებელ შემადგენლობას დააკომპლექტებს.
ვასილ მშვილდაძე
ლაშა კუპრაშვილის ფოტოები
ძიუდო
საქართველოს ჩემპიონატი
თბილისი
8-9 ნოემბერი
60 კგ
1 ლაშა გიუნაშვილი (შიდა ქართლი)
2 პაატა მერებაშვილი (აჭარა)
3 ბეთქილ გულბანი (იმერეთი)
3 გიორგი ბროლაშვილი (თბილისი)
66 კგ
1 ვაჟა მარგველაშვილი (შიდა ქართლი)
2 მინდია ლილუაშვილი (იმერეთი)
3 გიორგი გუგულაშვილი (გურია)
3 ტრისტან ფეიქრიშვილი (აჭარა)
73 კგ
1 ნუგზარ ტატალაშვილი (შიდა ქართლი)
2 ლაშა შავდათუაშვილი (შიდა ქართლი)
3 ზებედა რეხვიაშვილი (ქვემო ქართლი)
3 ფრიდონ გიგანი (ქვემო ქართლი)
81 კგ
1 უშანგი მარგიანი (იმერეთი)
2 გიორგი პაპუნაშვილი (შიდა ქართლი)
3 თამაზ კირაკოზაშვილი (კახეთი)
3 ამბაკო ავალიანი (ქვემო ქართლი)
90 კგ
1 ბექა ღვინიაშვილი (შიდა ქართლი)
2 პაატა ღვინიაშვილი (შიდა ქართლი)
3 ზვიად გოგოჭური (კახეთი)
3 ნოდარ ბერიანი (ქვემო ქართლი)
100 კგ
1 ლაშა გურული (იმერეთი)
2 ალექსანდრე ზაალიშვილი (შიდა ქართლი)
3 იასონ ნემსაძე (იმერეთი)
3 რევაზ წულუკიძე (აჭარა)
+100 კგ
1 ადამ ოქრუაშვილი (მცხეთა მთიანეთი)
2 ონისე ბუღაძე (იმერეთი)
3 ვახტანგ ოქრუაშვილი (მცხეთა მთიანეთი)
3 გიორგი ბოლოთაშვილი (შიდა ქართლი)