ფეხბურთი

18:28 | 24.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო კობახიძე: “შენს მომენტს როცა ვერ გამოიყენებ, ამისთვის დაისჯები”

უკრაინული ლუცკის “ვოლინის” ქართველმა ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ ინტერნეტპორტალ fpl.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის ეროვნული ნაკრები უმთავრესია და ამიტომ, მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია.

- სეზონის დაწყებიდან სათამაშო პრაქტიკა მეტ-ნაკლებად გაქვთ, რასაც “დნიპროში” გატარებული წელიწადნახევრის შესახებ ვერ იტყვით...

- დნეპროპეტროვსკში გატარებული პერიოდიდან მხოლოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს. თუმცა, ერთი გამონაკლისია, მაგრამ მთავარი - მართლაც, ძალიან ცოტას ვთამაშობდი. იჯარით სხვა გუნდში გადასვლა ამიტომ გადავწყვიტე, რადგან ოფიციალურ მატჩებში რეგულარულად მოედანზე გასვლის აუცილებლობას ვგრძნობდი.

- ხომ არ გრძნობთ, რომ კონდიციები დაკარგეთ?

- ფეხბურთის თამაში არ დამვიწყნია და არც სათამაშო ფორმა დამიკარგავს. თუმცა, სათამაშო პრაქტიკა სხვაა. საწვრთნელ პროცესში ჩავარდნა არ მქონია და სათამაშო ტონუსის დაბრუნება რთული არ იყო.

- ეროვნულ ნაკრებში რადგან გიძახებენ ე.ი. ეს მართლაც ასეა...

- რა თქმა უნდა. ნაკრები მაინც ნაკრებია. იქ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელებს იწვევენ. ყველას, ვინც სხვა ქვეყნებში თამაშობს, ყურადღებით აკვირდებიან. თუმცა, მაშინაც მიწვევდნენ, როდესაც “დნიპროს” თადარიგში ვიყავი. უბრალოდ, ახლა უფრო თავდაჯერებული ვარ.
- პოლონელებთან 0:4 წააგეთ, ხოლო თქვენ საგოლე მომენტი გქონდათ, რომლის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა მატჩის მსვლელობა სულ სხვა მიმართულებით წასულიყო...

- პირველ ტაიმში მეტოქეს პრაქტიკულად თანაბრად ვეთამაშებოდით, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთის ნაკრები და მისი ლიდერები დიდ წარდგენას არ საჭიროებენ. ანგარიშის გახსნა მართლაც შემეძლო, მაგრამ ბურთი კარში უნდა მომეხვედრებინა. რას იზამ, ასე არ მოხდა. შენს მომენტს როცა ვერ გამოიყენებ, ამისთვის დაისჯები. მეტოქემ მეორე ტაიმში “სტანდარტულებიდან” ორი გოლი სწრაფად გაგვიტანა. ამის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ავირიეთ და ყველაფერი ჩვენთვის ძალიან არასასურველი ანგარიშით დასრულდა.

- ნაკრებიდან კლუბში დაბრუნება რამდენად რთულია?

- ამ მხრივ ყველაფერი ნორმალურადაა. ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რადგან მსგავსი რამ რეგულარულად ხდება. ასეთ იძულებით “გადართვას” დიდი ხანია მივეჩვიე. მსგავსი პრობლემები არ მექმნება.

- “ვოლინს” ბევრი გოლი გააქვს და ბევრსაც უშვებს. ეს ნიშნავს, რომ ვიტალი კვარციანი შეტევის მოთამაშეებით უფრო კმაყოფილია?

- სჯობს ბევრი გაიტანო და გაუშვა, ვიდრე არ გაიტანო და ცოტა გაუშვა. ვიტალი კვარციანი ისე განგვაწყობს, რომ უმჯობესია 5:7 წავაგოთ, ვიდრე 0:2. რა თქმა უნდა, ეს ხატოვანი გამოთქმაა. მართლაც, მწვრთნელი შეტევას ბევრ დროს უთმობს და უყვარს, როდესაც გოლები გაგვაქვს. ამისთვის ბევრს მუშაობს. გოლებს მაშინ ვუშვებთ, როდესაც მეტოქის შეტევისას მცველებს ყველა არ ეხმარება.

0.145365