ფეხბურთი

12:09 | 24.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ერიკსენი: “ტოტენჰემისთვის” დიდებული კვირა იყო

ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველი, კრისტიან ერიკსენი “ჰალთან” მოგებული (1:2) მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა და აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა.

დანიელი ფეხბურთელი გახარებული ჩანდა გამარჯვებით და აღნიშნა, რომ მისი კლუბისთვის დიდებული კვირა გამოდგა, რადგან გამარჯვების გარდა, რამდენიმე უშუალო კონკურენტმა დაკარგა ქულები.

“პირველი ტაიმი ძალიან ნელა დავიწყეთ, თუმცა შემდგომ მოვუმატეთ, რაშიც რასაკვირველია გასტონ რამირესის გაძევება დაგვეხმარა. ამის შემდეგ დიდი სივრცეები გაგვიჩნდა, რითაც კარგად ვისარგებლეთ.

ამაღამ (გუშინ) ძალიან კარგად დამეძინება. მშვენიერი კვირა გამოდგა. ჩვენ მოვიგეთ, ხოლო სხვებმა ქულები დაკარგეს. საჭიროა, რომ ასევე განვაგრძოთ და მომდევნო შეხვედრებშიც წარმატებით ვითამაშოთ”, -განაცხადა დანიელმა ფეხბურთელმა.

“ტოტენჰემი” 17 ქულით მე-10 პოზიციას იკავებს, თუმცა მე-4 ადგილზე მყოფ “მანჩესტერ იუნაიტედს” მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

ისიც უნდა ითქვას, რომ გუშინდელი მატჩი “ტოტენჰემმა” კრისტიან ერიკსენის შესანიშნავი თამაშის წყალობით მოიგო. მის მიერ შესრულებული ჯარიმა მეკარემ გაჭირვებით მოიგერია და დამატებაზე ჰარი კეინმა გაიტანა, ხოლო 89-ე წუთზე კრისტიანის შორეულმა გასროლამ “დეზებს” 3 ქულა მოუტანა.

მიმდინარე სეზონში ერიკსენმა “მამლების” მაისური 14-ჯერ მოირგო და 4 გოლი გაიტანა.

0.11028