სხვა

18:47 | 9.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ სუმოისტთა წარმატებული სტარტი ფუკუოკაში

ქართველი სუმოისტებისთვის წარმატებულად დაიწყო ნოემბრის სუპერტურნირი, რომელსაც იაპონიის ქალაქი ფუკუოკა მასპინძლობს. კიუშიუ ბაშოს სასტარტო დღეს ტოჩინოშინმა და გაგამარუმ გამარჯვებები იზეიმეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლოდროინდელი წარმატებული ასპარეზობის წყალობით, ტოჩინოშინმა ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდება მიიღო, პირველ დღეს კი დასავლეთუს მე-8 მაეგაშირა ენდო იორიტაოშით დაამარცხა. ცნობისთვის, ამ უკანასკნელს ქართული სახელი შოთა ქვია და ერთ-ერთ პერსპექტიულ სეკიტორად მიიჩნევა.

ორშაბათს ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-7 მაეგაშირა სადანოუმი იქნება, რომელმაც დღეს აღმოსავლეთის მე-7 მაგაშირა ოკინოუმისთან იორიკირით წააგო.

ბარემ აქვე ვთქვათ, რომ მაკუუჩის პირველ დღეს ერთადერთი მოულოდნელობა დაფიქსირდა. ოძეკი გოეიდო აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ტაკარაფუჯის ვერ გაუმკლავდა. სხვა მხრივ, იოკოძუნებმა – ჰაკუჰომ, კაკურიუმ და ჰარუმაფუჯიმ და ოძეკებმა – კოტოშოგიკუმ და კისენოსატომ მოგებები მიითვალეს.

როგორც აღვნიშნეთ, წარმატებული ბრძოლა ჩაატარა რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე ქართველმა გოლიათმა გაგამარუმაც. თეიმურაზ ჯუღელს დასავლეთის მე-5 ნომერი გააჩნია და აღმოსავლეთში მე-5 რეიტინგის მქონე ტოსაიუტაკა ოშიდაშით დაჯაბნა. ხვალ, გაგამარუ აღმოსავლეთის მე-6 ნომერ ასაჰიშოს დაუპირისპირდება.

0.117055