ქართველმა კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა ტრავმის მოშუშების შემდეგ, იტალიის ჩემპიონატში პირველი მატჩი ჩაატარა და “კანტუს” გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
გიორგის კლუბი აუტსაიდერ “პასტა რეჯია კასერტას” ესტუმრა და პირველი მეოთხედის შემდეგ მეტოქეს 13:25 ჩამორჩა, თუმცა, საბოლოოდ, თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა მოახერხა და 107:95 მოიგო.
შერმადინმა მოედანზე 22 წუთი გაატარა და კანტუელებს 11 ქულა, 4 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე), 2 დაფარება და 1 პასი შესძინა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 5 საჯარიმო და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
სტუმართა შემადგენლობაში 25 ქულით საუკეთესო ჯეიმს ფელდეინი იყო, სტეფანო ჯენტილემ 20 ქულა ჩააგდო, დარიუს ჯონსონ-ოდომმა და ერიკ უილიამსმა კი 14-14 ქულა მიითვალეს.
“კანტუმ” 4 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და ტურის სხვა მატჩების დასრულებამდე მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. შერმადინის კლუბი სერია ა-ში მომდევნო მატჩს 30 ნოემბერს “ენელ ბრინდისისთან” ჩაატარებს, მანამდე კი, ევროთასის ეგიდით, 25-ში გერმანულ “არტლანდ დრაგონსს” ესტუმრება.