სხვა

13:43 | 23.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა სპეციალური ჯილდო დაიმსახურა
იოკოძუნა ჰაკუჰომ “იმპერატორის თასი” დაისაკუთრა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა კიუშიუ ბაშო მარცხით დაასრულა, თუმცა, ჯამში, 11 მოგება და 4 წაგება მოუგროვდა, რაც იმის წინაპირობაა, რომ წოდებაში სერიოზულად დაწინაურდება. ამასთან, ტოჩინოშინს პრესტიჟული ჯილდო – მებრძოლის სულის გამოვლენისთვის დაწესებული – კანტო-შო ერგო.

შეგახსენებთ, რომ ქართველი სუმოისტი ფუკუოკაში ჩატარებულ ნოემბრის სუპერტურნირს აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, ბოლო ბრძოლა კი აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა ტაკაიასუსთან ჩაატარა და უვატენაგეთი დამარცხდა.

სასიხარულოა, რომ უარყოფით ბალანსს (მაკე-კოში) გადაურჩა რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელი, რომელიც გაგამარუს შიკონათია ცნობილი.

ქართველმა გოლიათმა გადამწყვეტი მე-8 გამარჯვება სწორედ ნოემბრის სუპერტურნირის ბოლო დღეს მიითვალა. დასავლეთის მე-5 ნომრის წოდებით მოასპარეზე გაგამარუმ დასავლეთის მე-13 ნომერი ტოჩიჰირიუ ოშიდაშით დასცა და პასივში 7 წაგება დარჩა.

ცხადია, გასული ბაშოს გამარჯვებულზეც უნდა ვთქვათ. “იმპერატორის თასი” მონღოლმა იოკოძუნა ჰაკუჰომ მოიპოვა, რომელმაც თანამემამულე იოკოძუნა კაკურიუს იორიკირით აჯობა და მას გათანაბრების შანსი წაართვა, ამდენად, ჩემპიონის გამოვლენისთვის დამატებითი შერკინების დანიშვნა საჭირო აღარ გახდა.

შედეგად, ჰაკუჰომ 14 მოგება მიითვალა, კაკურიუს 12 გამარჯვება მოუგროვდა, შემდეგი ადგილები კი იოკოძუნა ჰარუმაფუჯიმ, ოძეკი კისენოსატომ და ტოჩინოშინმა გაინაწილეს 11-11 მოგებით.

ისიც ვთქვათ, რომ “თეთრმა ფენიქსმა” ჩემპიონობა უკვე 32-ედ იზეიმა, რითაც ლეგენდარული ტაიჰოს რეკორდი გაიმეორა.

0.117075