იაპონიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს დილით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. აზიელებს მსუბუქი წვიმის ქვეშ მოუხდათ მინდორზე გასვლა. სავარჯიშო პროცესზე დასწრება ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფებისთვის შესაძლებელი იყო.
შესაძლოა ხვალინდელ შეხვედრისთვისაც ანალოგიური ამინდი იყოს. ასე რომ, ამ თვალსაზრისით სტუმარი გუნდისთვის წვიმა ხელისშემშლელი ფაქტორი ნაკლებად იქნება.
შეგახსენებთ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე წლის უკანასკნელ შეხვედრას იაპონიასთან “მიხეილ მესხზე” გამართავს. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.
სტუმრებმა თბილისში ჩამოსვლამდე სამი შეხვედრა გამართეს. ზელანდიელებთან წაგებულ მატჩებს რუმინეთთან მოგება მოჰყვა. მასპინძელთაგან განსხვავებით, იაპონიის ნაკრები უკეთეს ხასიათზეა, მათ ბოლო ბუქარესტში მოიგეს, ხოლო ქართველი ქომაგი წაგებული მატჩების შემდეგ გამარჯვების მოლოდინშია.
მატჩზე დასასწრები ბილეთები “მიხეილ მესხის” სალაროებში იყიდება. ფასი 3 და 5 ლარია. დილით სალაროებში გულშემატკივართა სიხალვათე შეინიშნებოდა, თუმცა სავარაუდოდ ბილეთების დიდი ნაწილი თამაშის დღეს გაიყიდება.