ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიურ ანდრიაში მიმდინარე 35-ათასიანი ჩელენჯერის ნახევარფინალში გააღწია.
ტურნირის მე-3 წრეში ბასილაშვილი “უაილდ ქარდით” მოთამაშე პიეტრო ლიჩიარდის დაუპირისპირდა და 50 წუთში 7:5, 6:0 დაამარცხა. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ აპენინელმა ნიკოლოზის მოწოდებაზე მხოლოდ 3 (!) გათამაშება მოიგო.
ნახევარფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე რუსი კონსტანტინ კრავჩუკი იქნება, ფინალის მე-2 საგზურისთვის კი მე-3 ნომრად განთესილი ლიტველი რიკარდას ბერანკისი და გერმანელი მიხაელ ბერერი იბრძოლებენ.
ბასილაშვილმა იტალიაში უკვე გამოიმუშავა 29 სარეიტინგო ქულა, ფინალში გასვლის შემთხვევაში, 48 ქულას მიიღებს, ჩემპიონობა კი 80 ქულას მოუტანს.