ფეხბურთი

20:02 | 21.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნულოვანი მეგრული დერბი

მარტვილის “მერანისა” და ფოთის “კოლხეთის” მეგრული დერბი სამტრედიაში შედგა. მართალია, შეხვედრამ გატანილი გოლების გარეშე ჩაიარა, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ საგოლე ეპიზოდების ნაკლებობა იყო ორივე გუნდის კართან. აღნიშნული შედეგი ალბათ სამართლიანიცაა, რადგან თამაშიდან გამომდინარე, ორივე გუნდი იმსახურებდა ქულას.

პირველი სახიფათო მომენტი ნომინალურმა მასპინძლებმა შექმნეს. შეტევა ბოლქვაძემ წამოიწყო, პაპუნა ფონიავასთან გაითამაშა ბურთი, ორსვლიან კომბინაციაში აკაკი შულაიაც ჩაერთო ფლანგზე და საბოლოოდ კარგად ჩააწოდა მეტოქე გუნდის საჯარიმოში. შეტევა ბესიკ ჩიმაკაძეს უნდა დაეგვირგვინებინა, მაგრამ ფოთელთა მცველებმა კარგად დააზღვიეს თავიანთი კიპერი და კუთხურზე მოიგერიეს ბურთი.

კოლხებმა შეტევითვე უპასუხეს მეტოქეს, მაგრამ დათა სიჭინავას შორეულ, ძლიერ დარტყმას სიზუსტე დააკლდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მონაცვლეობით ორივე გუნდის კართან იქმნებოდა ხიფათი. ერთ-ერთი ასეთი იერიშის დროს ჩინებულად ითამაშა მასპინძელთა 22-ე ნომერმა, აკაკი შულაიამ. მან მეურვე ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა და ახლო მანძილიდან დაურტყა სეფიაშვილს, თუმცა ფოთელთა მეკარემაც უშეცდომოდ ითამაშა და ბურთი უკუაგდო. შულაიას მეორე ცდა კი მცველებმა განმუხტეს.

ფოთელთა საპასუხო იერიში კი საკმაოდ მწვავე გამოდგა და გოგონაიას ზუსტად რომ დაერტყა ანგარიშსაც გახსნიდა. ყველაფერი კი ჩიმაკაძეს შეცდომას მოჰყვა. მერანელთა თავდამსხმელმა თავის საჯარიმოსთან დაკარგა ბურთი, გოგონაიას არავინ უშლიდა ხელს ახლო მანძილიდან მამალაძის კარის ჩარჩოში შედეგიანად დაერტყა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა.

39-ე წუთზე მარტვილელებს ანგარიშის გახსნის ასევე რეალური შანსი მიეცათ, მაგრამ თუ წინა ეპიზოდში გოგონაიამ ვერ გამოიყენა ხელსაყრელი ეპიზოდი, ამ შემთხვევაში დათა ციცხვაიამ გაუშვა გოლის გატანის კარგი შესაძლებლობა. არადა, კიკნაველიძის ჩინებული ჩაწოდების შემდეგ ციცხვაია ბურთს თავით გზავნიდა სეფიაშვილის კარში. დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოვიდა.

მეორე ტაიმში ტემპი ცოტათი დაეცა. დასკვნითი ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როდესაც “კოლხეთის” საჯარიმოს ხაზთან შულაიამ იაქტიურა. მან კარგად გაისწორა ბურთი და დაარტყა კარის მიმართულებით, მაგრამ სტუმართა დაცვა ამ ეპიზოდშიც უშეცდომო იყო. 55-ე წუთზე კი დათა სიჭინავას მოჭრილ ჩაწოდების შემდეგ “მერანის” მცველებმა შეძლეს სიტუაციის განმუხტვა.

მატჩის 63-ე წუთზე შესანიშნავად ითამაშა მერანელმა მცველმა ორბელაძემ, მან ბურთი საკუთარი საჯარიმოდან წამოიღო, მეურვეს სისწრაფეში აჯობა და “კოლხეთის” საჯარიმოში დაჰკიდა, თუმცა, თანაგუნდელთაგან ვერავინ მოახერხა გამოხმაურებოდა ამ ჩაწოდებას.

66-ე წუთზე დათა სიჭინავას მიერ შესრულებულ საჯარიმო დარტყმას მამალაძე ფხიზლად დაუხვდა. 5 წუთში კი საპირისპირო კარის მიმართულებით დარტყმული ჯარიმა, რომელიც ბოლქვაძემ შეასრულა, სეფიაშვილმა ნახტომში მოიგერია. ამ ეპიზოდში ფოთელთა მეკარემ პოზიცია კარგად შეარჩია და ზუსტადაც ითამაშა.

მატჩს მიწურულს ექსმერანელი ფარულავა ცდილობდა გოლის გატანას, თუმცა ეს ეპიზოდიც “მშვიდობიანად” დასრულდა.

საბოლოოდ მეგრული გუნდების დაპირისპირება ნულოვანი ფრით დასრულდა.M ეროვნულ ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრას მარტვილის “მერანი” გორის “დილასთან” გამართავს სტუმრად, “კოლხეთი” კი “ვიტ ჯორჯიას” დაუპირისპირდება.

ვლადიმირ ლობასი: “საინტერესო შეხვედრა იყო. მართალია, მცირე ტერიტორიული უპირატესობა გვქონდა, მაგრამ სახიფათო ეპიზოდებით და ზოგადად თამაშით თუ ვიმსჯელებთ, ფრე ლოგიკური შედეგია”.

ზაზა ინაშვილი: “კარგი თამაში გამოვიდა. დერბის ყოველთვის ასეთი დაძაბულობა ახლავს. ორივე გუნდს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ თამაშიდან გამომდინარე, დაფიქსირებული შედეგი კარგად ასახავს ძალთა თანაფარდობას. “მერანს” წარმატებებს ვუსურვებ”.

სამტრედია. 21 ნოემბერი. ”ე. მანჯგალაძე”. 400 მაყურებელი

“მერანი” (მარტვილი) _ “კოლხეთი” (ფოთი) 0:0

“მერანი”: მამალაძე, მელიავა, ლომაშვილი, ორბელაძე, კიკნაველიძე, ბოლქვაძე, ფონიავა, ჯღამაია, ჩიმაკაძე, შულაია, ციცხვაია (წურწუმია, 66).

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ლობასი

“კოლხეთი”: სეფიაშვილი, კილასონია, თევზაძე, ფარულავა, თ. კაკულია, გოგონაია, ბარამიძე, ამბროლაძე, ლ. კაკულია (ქორჩილავა, 60), დ. სიჭინავა (ნ. სიჭინავა, 67) ჟიშკარიანი (გუგუშვილი, 90+1).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი

გაფრთხილება: ბოლქვაძე (42)

მთავარი მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი

1. დინამო (თბ) 12 8 2 2 23:9 26
2. დილა 13 7 3 3 19:11 24
3. სამტრედია 13 6 3 4 14:10 21
4. დინამო (ბთ) 13 6 2 5 13:12 20
5. სპარტაკი 12 6 2 4 12:18 20
6. მეტალურგი 13 5 4 4 17:14 19
7. მერანი 13 5 4 4 11:9 19
8. ჩიხურა 12 5 3 4 13:12 18
9. ზესტაფონი 12 4 5 3 24:15 17
10. ტორპედო 12 3 6 3 13:12 15
11. შუქურა 12 3 5 4 12:15 14
12. გურია 12 3 5 4 12:20 14
13. სიონი 13 3 3 7 12:19 12
14. ვიტ ჯორჯია 13 3 2 8 11:16 11
15. კოლხეთი 13 2 5 6 9:15 11
16. ზუგდიდი 12 2 4 6 7:15 10

მეგოლეები:

9 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

7 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

6 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი)

4- კობა შალამბერიძე (გურია), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლია ქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.123351