ჭიდაობა

19:14 | 21.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოთხი მედალი ხუთი შესაძლებლიდან

ტოკიოს სიახლოვეს მდებარე პატარა ქალაქ ნარიტაში დღეს დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუთი ქართველი სამბისტი ჩაერთო და ოთხი მათგანი პოდიუმზე ავიდა. ვაჟთა ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა გენადი ჩირგაძემ (52 კგ) სეზონის უმთავრესი შეჯიბრება წაუგებლად ჩაამთავრა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფინალში ჩირგაძემ აზერბაიჯანელ აღასიფ სამადოვს აჯობა.

68 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი ლევან ნახუცრიშვილი ამჯერად ვერცხლს დასჯერდა. გადამწყვეტ ბრძოლაში იგი მონღოლ ძიუდოისტთან ტუმურხულეგ დავაადორჟთან დაძაბულ ბრძოლაში 1:3 დამარცხდა. ნახუცრიშვილმა წლეულს ევროპირველობაზეც მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ვერცხლის დუბლითვე დაასრულა სეზონი ქალთა ნაკრების წევრმა ნინო ოძელაშვილმაც (72 კგ). ნარიტაში მას ოქრომდე რუსი ირინა ალექსეევას ძლევა დააკლდა.

90 კილოგრამში მოჭიდავე დავით კარბელაშვილი კი ბრინჯაოს დაეუფლა. ამ წონის ფინალში რუსმა ალსიმ ჩერნოსკულოვმა მონღოლ ოტგონბაატარ ლკაგვასურენს სძლია. კარბელაშვილთან ერთად კი პოდიუმის მესამე საფეხურზე ადგილი ბელარუსმა ანდრეი კაზუსიონოკმა დაიკავა.

დღესვე იაპონურ ხალიჩაზე შორენა შარაძეც (60 კგ) გავიდა, მაგრამ საპრიზო სამეული მის გარეშე შეივსო.

ხვალ სამოყვარულო სამბოს მიმდევარ ვაჟებსა და ქალებში მედლების მორიგი სამ-სამი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს დროშის ქვეშ კი ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ), ბესარიონ ბერულავა (74 კგ) და დავით ლორიაშვილი (100 კგ) იჭიდავებენ. ჩიდრაშვილი და ლორიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ევროპის მოქმედი ჩემპიონების რანგში გამოვლენ. ბერულავა კი კონტინენტის პირველობაზე ვერცხლის პრიზიორი გახდა.

შეჯიბრების დასკვნით დღეს – 23 ნოემბერს საქმეში შმაგი ლაგაზაური (62 კგ), ნიკოლოზ კუცია (82 კგ), ბექა ბერძენიშვილი (+100 კგ), თეა სუხიტაშვილი (68 კგ) და ირინე ლეონიძე (+80 კგ) ჩაებმებიან.

სამბო

მსოფლიოს ჩემპიონატი

ნარიტა

21 ნოემბერი

ვაჟები

52 კგ

1 გენადი ჩირგაძე (საქართველო)

2 აღასიფ სამადოვი (აზერბაიჯანი)

3 ვასილი კარაულოვი (რუსეთი)

3 შავკატ ჟურაევი (უზბეკეთი)

68 კგ

1 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლეთი)

2 ლევან ნახუცრიშვილი (საქართველო)

3 ემილ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)

3 მარტინ ივანოვი (ბულგარეთი)

90 კგ

1 ალსიმ ჩერნოსკულოვი (რუსეთი)

2 ოტგონბაატარ ლკაგვასურენი (მონღოლეთი)

3 დავით კარბელაშვილი (საქართველო)

3 ანდრეი კაზუსიონოკი (ბელარუსი)

ქალები

48 კგ

1 ურანცეცეგ მონხბატი (მონღოლეთი)

2 მარია მოლჩანოვა (რუსეთი)

3 ლეილა აბასოვა (ბელარუსი)

3 ნოდირა გულოვა (უზბეკეთი)

60 კგ

1 მივა ფუჯიმურა (იაპონია)

2 ეკატერინა პროკოპენკო (ბელარუსი)

3 ანა რეპიდა (მოლდოვა)

3 ოლენა საიკო (უკრაინა)

72 კგ

1 ირინა ალექსეევა (რუსეთი)

2 ნინო ოძელაშვილი (საქართველო)

3 ტატიანა სავენკო (უკრაინა)

3 ნარანჯარგალ ცენდ-აიუში (მონღოლეთი)

0.130106