ნოემბრის სუპერტურნირის მე-13 დღე წარუმატებელი გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის. ტოჩინოშინი ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში დამარცხდა, გაგამარუმ კი რანგით მე-2 ლიგა ძურიოში წააგო.
ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ ლევან გორგაძეს დასავლეთის სეკივაკე იჩინოჯოსთან შეხვედრამდე 10 მოგება ჰქონდა, მასთან კი მე-4 მარცხი განიცადა.
გორგაძე კიუშიუ ბაშოზე აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით ირჯება და სატიტულო წინსვლა გარანტირებული აქვს, მისი მომდევნო მეტოქე კი აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა მიოგირიუ იქნება, რომელსაც ზურგს 9 გამარჯვება უმაგრებს.
“იმპერატორის თასის” მოპოვების უმთავრეს კანდიდატად იოკოძუნა ჰაკუჰო იქცა, რომელმაც მე-12 მოგება ოძეკი კოტოშოგიკუსთან იზეიმა, იოკოძუნა კაკურიუს კი 11 გამარჯვება შერჩა, რადგანაც იოკოძუნა ჰარუმაფუჯისთან დამარცხდა. ამ უკანასკნელს ოძეკი კისენოსატოს და ტოჩინოშინის დარად 10 მოგება აქვს.
მძიმე მისიის წინ დგას გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი, რომელმაც მე-7 მარცხი დასავლეთის მე-8 ნომერ ტამაასუკასთან განიცადა და დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დასაფიქსირებლად დარჩენილი ორივე ბრძოლის მოგება მართებს.
გაგამარუ ფუკუოკაში დასავლეთის მე-5 ნომრის წოდებით ირჯება, მისი შემდეგი მოწინააღმდეგე კი აღმოსავლეთის მე-4 ნომერი შოტენრო იქნება.