ფეხბურთი

12:28 | 21.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხით “მილანიც” დაინტერესდა

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ჩეხეთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის “ჩელსის” მეკარემ პიტერ ჩეხმა შესაძლოა კარიერა არა ლონდონის “არსენალში”, არამედ “მილანში” გააგრძელოს. “როსონერის” თავკაცი ფილიპო ინძაგი გუნდის ახალი მეკარით ესპანელი დიეგო ლოპესით უკმაყოფილი გახლავთ და მის შემცვლელად 32 წლის ჩეხი სურს.

ბრიტანული პრესა იმასაც იუწყებოდა, რომ “მეთოფეებმა” “ჩელსისთან” შეთანხმებას მიაღწიეს და ჩეხის ტრანსფერი 7 მილიონ გირვანქად განხორციელდებოდა.

მას შემდეგ, რაც “არისტოკრატებმა” ბელგიელი ტიბო კურტუა მადრიდის “ატლეტიკოდან” დააბრუნეს, ცნობები ჩეხის გუნდიდან წასვლის შესახებ უხვად ვრცელდება. ჩეხი მეკარის გადაბირება “პარი სენ ჟერმენს” და მადრიდის “რეალსაც” სურთ.

პიტერ ჩეხმა უკვე განაცხადა, რომ მისი მომავალი “ჩელსის” ხელთაა და თუ კლუბი მის შეინარჩუნებას გადაწყვეტს, ის დარჩება. 32 წლის მეკარემ მიმდინარე სეზონში 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაუშვა. ჩეხს “არისტოკრატებთან” კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

0.111149