სხვა

17:38 | 19.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალმატიდან რიოს სამი ლიცენზია გამოჩნდა

8-16 ნოემბერს ალმატიმ ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. ყაზახეთის ყოფილ დედაქალაქში ჩვენი გუნდი 6 სპორტსმენით წარსდგა.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ თან რამინ შამილაშვილი (62კგ), გიორგი ლომთაძე (77კგ), ნიკა ნანაძე (94კგ), გია მაჭავარიანი (105კგ), ალბერტ კუზილოვი (105კგ) და ირაკლი თურმანიძე (+105კგ) იახლა.

წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატს ორმაგი დატვირთვა ჰქონდა. ალმატის ფიცარნაგზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით, გუნდებს „რიო 2016"-ის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულებიც ერიცხებოდათ.

იმთავითვე ნათელი იყო, რომ ამ ეტაპზე ქართველი ძალოსნები მედლებისთვის ბრძოლას ვერ შეძლებდნენ და მთავარი ამოცანა სალიცენზიო ქულების დაგროვება იქნებოდა. ეს ჩემპიონატზე გამგზავრებამდე გიორგი ასანიძემაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი მარაგის შექმნას შეეცდებოდნენ, რათა საოლიმპიადოდ მინიმუმ სამი საგზური დავიბევოთ.

ქართველ სპორტსმენთაგან ყველაზე უკეთ ირაკლი თურმანიძემ იასპარეზა, რომელმაც ორჭიდის ჯამში 422 კილო მოაგროვა და მე-6 ადგილი დაიკავა. ურიგოდ არც დებიუტანტი რამინ შამილაშვილი გამოსულა და მე-17 ადგილზე გავიდა. გაცილებით მეტს ველოდით გამოცდილი ძალოსნის გია მაჭავარიანისგან, თუმცა იგი ოდენ 22-ე შედეგს დასჯერდა და გუნდს მხოლოდ 2 სალიცენზიო ქულა მოუტანა.

საერთო ჯამში საქართველომ თავი 29 ქულას მოუყარა, რაც საკმარისი 26-ე ადგილისთვის აღმოჩნდა. ამ მაჩვენებლით ჩვენს გუნდს ჯერ კიდევ აქვს შანსი სამი ლიცენზიისთვის იბრძოლოს. გაისად გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს 4 დისკვალიფიცირებული ძალოსანიც დაემატება, რაც უკეთესი შედეგის ჩვენების იმედს ზრდის.

www.geonoc.org.ge

0.143021