სხვა

17:12 | 19.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი მხოლოდ იოკოძუნებს ჩამორჩება

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ფუკუოკაში მიმდინარე კიუშიუ ბაშოზე ჩინებულად ასპარეზობს.

ტოჩინოშინმა 2 მარცხის წილ მე-9 გამარჯვება იზეიმა და მხოლოდ იოკოძუნებს – ჰაკუჰოს და კაკურიუს ჩამორჩება, მისდარი ბალანსი კი ოძეკი კისენოსატოს გააჩნია.

ქართველმა გოლიათმა დასავლეთის მე-11 მაეგაშირა კიოკუტენჰოსთან მისი საფირმო მარცხენამხრიანი ჩაჭიდება გამოიყენა და 40 წლის მეტოქე იორიკირით დაამარცხა. ძალიან დაძაბული შერკინება იყო, რომელიც წუთზე მეტხანს გაგრძელდა.

გორგაძის შემდეგი მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-14 მაეგაშირა სოკოკურაი იქნება, რომელსაც ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში პირველად დაუპირისპირდება.

მე-11 ტურში პირველი მარცხი შეემთხვა იოკოძუნა კაკურიუს. იგი ოძეკი კისენოსატომ ოშიდაშით დაჯაბნა. შედეგად, კაკურიუს იოკოძუნა ჰაკუჰო დაეწია, რომელმაც ოძეკი გოეიდოს ჰატაკიმომით აჯობა.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს, რომელიც ნოემბრის სუპერტურნირს აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, სერიოზული წინსვლა გარანტირებული აქვს.

აღნიშნულის წინაპირობას ისიც ქმნის, რომ ტოჩინოშინის წინ მყოფ სეკიტორთაგან უარყოფით ბალანსს იგივე მაკე-კოშის არაერთი დააფიქსირებს.

კიუშიუ ბაშოს მე-12 დღეს ცენტრალური ჰაკუჰოს და კისენოსატოს შერკინება იქნება, კაკურიუ კი ოძეკი გოეიდოს დაეჭიდება.

სამწუხაროდ, მაკე-კოშისთან ახლოს გახლავთ რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელი. გაგამარუს აქტივში 5 მოგება აქვს, მე-6 მარცხი კი აღმოსავლეთის მე-13 ნომერ ტენკაიჰოსთან განიცადა.

ქართველი გოლიათი ფუკუოკაში დასავლეთის მე-5 ნომრის წოდებით ირჯება და თუკი დაქვეითება არ სურს, დარჩენილი 4 ორთაბრძოლიდან სამში უნდა იმარჯვოს. ჯუღელის შემდეგი მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-11 ნომერი დაიეიშო იქნება.

კიუშიუ ბაშოს მე-11 დღის მიმოხილვა

ტოჩინოშინის ბრძოლა 2:33-დან

0.128283