“ნიუ იორკ ნიქსთან” საშინაო მატჩი ძალიან წარმატებული გამოდგა ზაზა ფაჩულიასთვის, რომელმაც მიმდინარე სეზონისთვის რამდენიმე პირადსარეკორდო მაჩვენებელი დააფიქსირა, “ბაქსის” მხრიდან თამაშის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) კი ზედიზედ მეორედ აღიარეს.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულს დაუბრუნდა და სეზონში პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა, ამასთან, წუთობრივად (34:33), ქულებსა (14) და მოხსნებში (13) საუკეთესო შედეგი აჩვენა. გამორჩეულია მეტოქის ფარზე განხორიელებული 7 მოხსნაც, 4 პასი კი, ზაზას მიერ 11 ნოემბერს “ოკლაჰომასთან” მატჩში ნაჩვენები შედეგის განმეორებაა.
ცნობისთვის, ფაჩულია მილუოკელთა სასტარტო შემადგენლობაში ლარი სანდერსის ტრავმის გამო გამოჩნდა. ეს უკანასკნელი უშუალოდ თამაშის წინ დაშავდა (ბარძაყი იტკინა) და რამდენს ხანს გასტანს მისი უქმობა, ჯერჯერობით, უცნობია.
“ნიქსთან” გამარჯვების წყალობით, მილუოკელებმა 6 მოგება და 5 მარცხი მოაგროვეს და 2013 წლის 20 მარტის შემდეგ, პირველად მოხდა, რომ დადებით ბალანსზე გავიდნენ.
შემთხვევითი არ ყოფილა, რომ შესვენებისას კამერამ “ბაქსის” მფლობელი მარკ ლასრი და მთავარი მწვრთნელი ჯეისონ კიდი ტკბილად საუბრის ჟამს დააფიქსირა. გასულ სეზონში მილუოკელევს მთელს სეზონში 15 მოგება მოუგროვდათ, ახლა კი, გაცილებით შედეგიანი სტარტი აქვთ.
როგორც ამ სეზონში ხშირად მომხდარა, “ბაქსმა” ჩინებული გუნდური თამაშის ხარჯზე იმარჯვა. 11 ან მეტი ქულა ერთბაშად შვიდმა კალათბურთელმა ჩააგდო, ორმაც კი, შესაბამისად, 9 და 7 ქულა მიითვალა.
სამარქაფოებმა ნიუ იორკელ “კოლეგებს” 44:28 სძლიეს, საშუალოდ კი, მილუოკის სათადარიგო კალათბურთელები 45.4 ქულას აგდებენ, რაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციისთვის (NBA) საუკეთესო მაჩვენებელია.
ზემოთ კიდი ვახსენეთ და აუცილებელია აღინიშნოს, რომ ხვალ დილით ჯეისონს დაპირისპირება ყოფილ კლუბთან მოუწევს. კიდის ხელში “ბრუკლინ ნეთსს” ცუდი მაჩვენებლები ჰქონდა და მისი განთავისუფლება მოულოდნელი არ ყოფილა, “ბაქსში” კი, როგორც სჩანს, თავს ჩინებულად გრძნობს.
საინტერესოა, რომ ვარსკვლავებით (კევინ გარნეტი, ჯო ჯონსონი, ბრუკ ლოპესი, დერონ უილიამსი...) სავსე “ნეთსს” ახლაც მძიმე პერიოდი უდგას და ბოლო ხუთი მატჩიც წააგო, “მილუოკი” კი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა და თუ ასე გააგრძელა, იქნებ პლეი-ოფის საგზურსაც გამოჰკრას ხელი.
ფაჩულიას ჩაჭრა და "ჩატენვა" "ნიუ იორკთან" მატჩში
http://watch.nba.com/nba/video/games/bucks/2014/11/18/0021400156-nyk-mil-play4.nba