არგენტინის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" საყრდენმა ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანომ თანაგუნდელ ხერარდ პიკეს გარშემო ბოლო დროს ატეხილ აურზაურზე გააკეთა კომენტარი.
"ფეხბურთელებს ხშირად ასამართლებენ პირადი ცხოვრების გამო, რაც მათზე ძალიან მოქმედებს. ერთი რამის თქმა შემიძლია, თუ პიკე ფორმაშია, იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. მის გვერდით თამაში ყოველთვის მსიამოვნებს." - განაცხადა არგენტინელმა.
"ბლაუგრანას" თავკაცმა ლუის ენრიკემ პიკე "ესპანიოლთან" გამართულ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე ტელეფონის გამოყენების გამო დასაჯა და ფეხბურთელმა "ბარსელონას" ბოლო რამდენიმე მატჩი გამოტოვა.
აღნიშნული ისტორიის შემდეგ, ევროპელმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს ცნობები, რომლის მიხედვითაც, პიკე "ბარსელონას" იანვრის სატრანსფერო პერიოდში დატოვებს. თავად ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ კლუბის შეცვლას არ აპირებს და შეეცდება ენრიკეს ნდობა მოიპოვოს.