ხორვატიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის ლუკა მოდრიჩის სარეაბილიტაციო პერიოდი გახანგრძლივდა. ხორვატი უკვე გაესინჯა “სამეფო კლუბის” ექიმებს და როგორც გაირკვა, საზარდულის არეში ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი გახლდათ.
მოდრიჩი მოედანზე გასვლას 3-4 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. ბოლო ინფორმაციით, თებერვლის ბოლომდე მისი თამაში გამორიცხულია და ამ დროის განმავლობაში ხორვატი დაახლოებით 20 მატჩს გამოტოვებს.
"ძალიან ძლიერ ტკივილს განვიცდი. დასანანია, მაგრამ რას ვიზამთ, ეს ფეხბურთია," - განაცხადა ხორვატმა.
29 წლის ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა 16 ნოემბერს იტალიასთან ევროშესარჩევის მატჩში მიიღო და 28-ე წუთზე შესაცვლელი გახდა. თავდაპირველად, ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარმა ექიმმა განაცხადა, რომ ნახევარმცველს 2 თვე გაუცდებოდა.