ჭიდაობა

10:49 | 18.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო სამბოს იაპონია უმასპინძლებს

დღეს საქართველოს სამბისტთა ნაკრები იაპონიაში გაემგზავრა. 20-24 ნოემბერს ქალაქი ნარიტა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს და ჯონდო მუზაშვილის გაწვრთნილი გუნდი შეჯიბრებაში სრული შემადგენლობით ჩაერთვება. საქართველოს ქალთა ნაკრები კი იაპონურ ხალიჩაზე ოთხი სპორტსმენით გავა.

წინასაჩემპიონატო დასკვნითი შეკრება ქართველმა სამბისტებმა გორში გაიარეს და სწორედ მასზე დაასახელა მუზაშვილმა ეროვნული გუნდის განაცხადი. სპეციალისტმა მაისში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელა. 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში დიმიტრი მულაძის მაგივრად გენადი ჩირგაძე დააყენა. 62 კილოგრამში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ზვიად ოდოშაშვილი შმაგი ლაგაზაურით ჩაანაცვლა, 90-ში პაატა ღვინიაშვილის ადგილს დავით კარბელაშვილი დაიკავებს, ხოლო მძიმე წონაში ნოდარ მეტრეველს ბექა ბერძენიშვილი შეცვლის.

ევროპირველობაზე ნაჭიდავები სამბისტებიდან კი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ) და დავით ლორიაშვილი (100 კგ), ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ), ბესარიონ ბერულავა (74 კგ) და ნიკოლოზ კუცია (82 კგ) იჭიდავებენ. ჩიდრაშვილი და ლორიაშვილი საქმეში კონტინენტის მოქმედი ჩემპიონების რანგში ჩაერთვებიან. ნახუცრიშვილმა, ბერულავამ და კუციამ კი ევროკონკურენციაში ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

რაც შეეხება ქალთა ნაკრებს, მსოფლიო არენაზე გავლენ შორენა შარაძე (60 კგ), თეა სუხიტაშვილი (68 კგ), ნინო ოძელაშვილი (72 კგ) და ირინე ლეონიძე (+78 კგ). მათ წლეულს ევროპის ჩემპიონატშიც მიიღეს მონაწილეობა და საკმაოდ წარმატებულადაც. სუხიტაშვილი და ოძელაშვილი პოდიუმის მეორე საფეხურზე ავიდნენ, ხოლო ლეონიძე - მესამეზე.

მსოფლიოს პირველობის მიწურულს ჩემპიონ-პრიზიორები საბრძოლო სამბოშიც გამოვლინდებიან, მაგრამ საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ეყოლება.

“მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გუნდის დაკომპლექტება სექტემბერში დავიწყეთ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ არჩილ ჩოხელის სახელობის საერთაშორისო ტურნირით. სწორედ მასზე გამოიკვეთა ის ძირითადი ბირთვი, რომელიც სეზონის მთავარი შეჯიბრებისთვის უნდა მოგვემზადებინა. შემდეგ კი სამი შეკრება გავიარეთ: ბაკურიანში, ბორჯომსა და გორში. ბიჭები ჩემპიონატს ოპტიმალურ ფორმაში ხვდებიან და იმედია, თავიანთ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოავლენენ”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ჯონდო მუზაშვილმა.

საქართველოს სამბისტთა ნაკრებს მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებიც დაესწრებიან, რომლებიც იაპონიაში გადიან საწვრთნელ შეკრებას.

საქართველოს ნაკრები

ვაჟები

52 კგ – გენადი ჩირგაძე

57 კგ – ვახტანგ ჩიდრაშვილი

62 კგ – შმაგი ლაგაზაური

68 კგ – ლევან ნახუცრიშვილი

74 კგ – ბესარიონ ბერულავა

82 კგ – ნიკოლოზ კუცია

90 კგ – დავით კარბელაშვილი

100 კგ – დავით ლორიაშვილი

+100 კგ – ბექა ბერძენიშვილი

ქალები

60 კგ – შორენა შარაძე

68 კგ – თეა სუხიტაშვილი

72 კგ – ნინო ოძელაშვილი

+78 კგ – ირინე ლეონიძე

0.115173