ფეხბურთი

10:21 | 18.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

საერთო სიხარულისა და ბედნიერების დღე

1965 წლის დადგომასთან დაკავშირებით გაზეთმა “ლელომ” საქართველოს საუკეთესო სპორტსმენებს კითხვით მიმართა, რათა მათ წინა წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე გამოერჩიათ. თბილისის “დინამოს” ფეხბურთელთა გუნდის კაპიტანმა შოთა იამანიძემ დაუფიქრებლად განაცხადა: “შესაძლოა, სხვა სპორტსმენი შეყოვნდეს და გონების თვალით გადაფურცლოს გასული წლის სპორტული კალენდარი, აირჩიოს მათ შორის რამდენიმე იღბლიანი დღე და შემდეგ რომელიმე მათგანს მიაკუთვნოს უპირატესობა. მე და ჩემ მეგობრებს კი საქმე ასარჩევად არ გვაქვს: ჩვენი საერთო სიხარულისა და ბედნიერების დღეა 18 ნოემბერი, ტაშკენტი... ქართული ფეხბურთის თაობები ქმნიდნენ ამ გამარჯვებას და იბრძოდნენ მისი მოპოვებისთვის, ხოლო მისი აღსრულება წილად გვხვდა ჩვენ, ე.წ. მესამე თაობის დინამოელებს. ჩვენ შევასრულეთ ეს ძნელი მისია. ის ბედნიერი დღე არასდროს დამავიწყდება”.

...ქართული სპორტისა და კერძოდ, ფეხბურთის ისტორიაში არა ერთი მნიშვნელოვანი თარიღია. შორს რომ არ წავიდეთ, გასული საუკუნის 70-80-იანი წლების გახსენებაც კმარა, როდესაც ჩვენი საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანმა საკავშირო ჩემპიონობასა და ორჯერ თასის მოპოვებას, საერთაშორისო არენაზე დიდი გამარჯვებაც მიაყოლა. ამის მიუხედავად, გადაუჭარბებლად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 1964 წლის 18 ნოემბერი უმნიშვნელოვანესი თარიღია და არც ისაა შემთხვევითი, რომ იმ დღის ტრიუმფატორებს ქართველი საზოგადოება კვლავინდებურად “ოქროს ბიჭებად” მოიხსენიებს. ტაშკენტის მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენმა სათაყვანებელმა მსახიობმა და კომენტატორმა ეროსი მანჯგალაძემ რადიომიკროფონს ჩაჰყვირა: “ვართ, ვართ ჩემპიონები”, რითაც არა მარტო თბილისის “დინამოს” წინა თაობებისა და გულშემატკივრების ლამის ოცდაათწლიანი ოცნება გაახმოვანა, არამედ მთელ ქართველ ხალხს გამარჯვება მიულოცა.

1936 წლიდან მოყოლებული თბილისის “დინამო” საკავშირო პირველობასა და თასზე გამარჯვებასთან ახლოს არაერთხელ ყოფილა. ტყავის ბურთის დიდოსტატებს ბორის პაიჭაძეს, გაიოზ ჯეჯელავას, მიხეილ ბერძენიშვილს, ალექსანდრე დოროხოვს, ავთანდილ ღოღობერიძესა და მათ პარტნიორებს სანუკვარ მიზნამდე ერთი ნაბიჯიღა აკლდებოდათ, რომლის გადადგმასაც ხანდახან ობიექტური, უფრო ხშირად კი სუბიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებდნენ. და აი, დადგა 1964 წელი. გუნდში ერთდროულად ათეულამდე უმაღლესი კლასის მოთამაშემ მოიყარა თავი და მიხაილ იაკუშინის ხელმძღვანელობით ნაყოფიერი წინასასეზონო მზადების გავლაც მოხერხდა. “დინამომ” დამაჯერებელი სტარტი აიღო, სატურნირო ცხრილსაც სათავეში მოექცა, თუმცა, შემდეგ რამდენიმე მატჩი წარუმატებლად ჩაატარა, რაც იაკუშინს მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვებად დაუჯდა. იგი არანაკლები კვალიფიკაციის, ავტორიტეტისა და გამოცდილების დამრიგებელმა გავრიილ კაჩალინმა შეცვალა და გუნდმაც კვლავინდებურად მოწინავე პოზიციაზე აინაცვლა. თბილისის “დინამომ” და მოსკოვის “ტორპედომ” საფინალო ხაზი სინქრონულად, თანაბარი რაოდენობის ქულებით გადაკვეთეს და ჩემპიონის გამოსავლენად მათ შორის ტაშკენტში 18 ნოემბერს გადათამაშება დაინიშნა.

ლატვიელმა არბიტრმა მიკენას რუბენისმა მინდორზე ფეხბურთელებს უხმო და “დინამომ” თამაში შემდეგი შემადგენლობით დაიწყო: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, ილია დათუნაშვილი, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, მიხეილ მესხი. პირველი ტაიმი ნერვიულად წარიმართა. არც თბილისელ და არც ტორპედოელ ფეხბურთელებს გამოცდილება არ აკლდათ, თუმცა, ასეთი დონის მატჩში მონაწილეობას პირველად იღებდნენ და ცხადია, ეს ფაქტორი მათ ასპარეზობაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენდა. მეორე ტაიმის დასაწყისში მოსკოველებმა ანგარიშის გახსნა მოახერხეს, რამაც, რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა გამოიყურებოდეს, ქართველებს დაძაბულობა მოუხსნა და თამაშმა მათი მოწინააღმდეგის კართან საფუძვლიანად გადაინაცვლა. ასეთ დროს ამბობენ, გოლი მომწიფდაო. ტაშკენტში სპეციალურად ამ მატჩზე დასასწრებად ჩასული რამდენიმე ათასი ქართველი გულშემატკივრის გასახარად ანგარიში ილია დათუნაშვილის მაღალოსტატურად ჩახვეული კუთხურის შემდეგ გათანაბრდა. ბურთმა ტორპედოელთა გოლკიპერ შაპოვალენკოსთვის (მოსკოველთა მწვრთნელები მასზე უფრო მაღალი კლასის მეკარე ანზორ კავაზაშვილს ქართული წარმომავლობის გამო არ ენდნენ) გაუგებარი ტრაექტორია მოხაზა და მოსკოველთა კარის შორეულ კუთხეში ჩაბზრიალდა. შეხვედრის ძირითად დროში ანგარიში არ შეცვლილა, ოვერტაიმში კი ტორპედოელები დათუნაშვილის, იამანიძის, სიჭინავას, მეტრეველის, ბარქაიას, მესხის თამაშის ფონზე უსუსურად გამოიყურებოდნენ. თბილისელებმა კიდევ სამჯერ დალაშქრეს “ტორპედოს” კარი (დათუნაშვილი, მესხი, მეტრეველი) და საკავშირო პირველობის მოპოვებით ბედნიერებმა ტაშკენტის რესპუბლიკური სტადიონის სარბენ ბილიკს საპატიო წრე დაარტყეს...

ტაშკენტის “ოქროს მატჩის” მონაწილეთა გარდა 1964 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ოქროს მედლები გურამ პეტრიაშვილსა და ალექსანდრე აფშევს გადაეცათ. 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა მეკარე ნოდარ ლეჟავამ და იმ შეხვედრებში საიმედოდაც დაიცვა კარი, რვაჯერ ითამაშა მურთაზ ხურცილავამ. იმ დროისთვის ის უკვე საკავშირო ნაკრების წევრი გახლდათ, თუმცა, მუხლის ტრავმამ პრაქტიკულად მთელი სეზონი გამოატოვებინა. იმავე სეზონში “დინამოს” ღირსება ელგუჯა ხუციშვილმა (5 მატჩი), ნომალ მაისურაძემ და ზაურ კალოევმა (თითო შეხვედრა) დაიცვეს.

ჩვენ კი 50 წლის წინანდელ ტრიუმფატორთა კაპიტნის შოთა იამანიძის სიტყვებით გვსურს დავასრულოთ ტაკენტის მატჩის გახსენება. დინამოელთა მეშვიდე ნომერმა ჩემპიონობისთვის განკუთვნილი თასის ჩაბარების შემდეგ განაცხადა: “ტორპედოსთან” პრინციპული შეხვედრა გვქონდა 1960 წელს საკავშირო თასის გათამაშების ფინალში. მაშინ იძულებულნი გავხდით (გახადეს-ავტ) პირველებს მიგველოცა ავტოქარხნელთათვის საპატიო ნადავლის დაუფლება. ამჯერად პირიქით მოხდა. გვიხარია, რომ თბილისის “დინამოს” გულშემატკივართა იმედი გავამართლეთ. გმადლობთ, დიდი მხარდაჭერისთვის”.

50 წლის წინანდელი ბევრი ფოტო გადავათვალიერეთ და ბოლოს იმ სურათზე შევჩერდით, რომელზეც 1964 წლის ტრიუმფის უკლებლივ ყველა მონაწილეა გამოსახული. პირველი რიგი: მიხეილ მესხი, ნოდარ ლეჟავა, გურამ პეტრიაშვილი, ვლადიმერ ბარქაია, ალექსანდრე აფშევი, სერგო კოტრიკაძე, ელგუჯა ხუციშვილი, ილია დათუნაშვილი; მეორე რიგი: გავრიილ კაჩალინი, ბორის სიჭინავა, გურამ ცხოვრებოვი, ვახტანგ რეხვიაშვილი, გიორგი სიჭინავა, ჯემალ ზეინკლიშვილი, ავთანდილ ღოღობერიძე (გუნდის უფროსი), მურთაზ ხურცილავა, შოთა იამანიძე, სლავა მეტრეველი.

0.117213