ვიგოს “სელტას” ნახევარმცველი, ნოლიტო მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვისენტე დელ ბოსკეს და 28 წლის ფეხბურთელი “ფურია როხას” რიგებში იხმო.
შაბათს ნოლიტო ბელარუსთან მოგებული მატჩისას თადარიგში იყო. სამაგიეროდ, შესანიშნავი შანსი აქვს, რომ სამშაბათს დებიუტი მშობლიურ “ესტადიო ბალაიდოსზე” ჰქონდეს, სადაც ესპანეთის ნაკრები გერმანიას უმასპინძლებს.
მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით 28 წლის შემტევმა ისაუბრა და განაცხადა, რომ საოცნებო დებიუტის მოლოდინშია.
“ვიგო ჩემი სახლია. “ბადაილოსზე” დებიუტი განსაკუთრებული გრძნობა იქნება. ეს ჩემთვის საოცნებო დებიუტია და იმედი მაქვს, რომ თამაში მომიწევს.
საოცარი იქნება საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაში მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონთან. მე არ ვარ იმედგაცრუებული შაბათს თადარიგში ყოფნის გამო. პირიქით ძალიან ბედნიერი ვარ ნაკრებში გამოძახებით და იმედი მაქვს, რომ რამდენიმე წუთით თამაში მაინც მომიწევს”, - განაცხადა “ბარსელონასა“ და “ბენფიკას” ყოფილმა ფეხბურთელმა.
მიმდინარე სეზონში ნოლიტომ “სელტას “ მაისურით 11 შეხვედრა ჩაატარა და 5-5 გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.