ფეხბურთი

15:40 | 7.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული გუნდი 10 ნოემბერს “დინამო არენაზე” ივარჯიშებს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი, ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში 14 ნოემბერს პოლონეთის ნაკრებთან თბილისში გასამართი მატჩისთვის მზადების ეგიდით, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” პირველ ვარჯიშს 10 ნოემბერს 19:00 საათზე გამართავს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, საწვრთნელ პროცესს შეკრებაზე გამოძახებულ ფეხბურთელთა უმეტესობა დაესწრება, მათ გარდა, ვისაც კვირას საღამოს თავის კლუბებში სათამაშო აქვთ. ჟურნალისტებისთვის ვარჯიში ღიაა.

საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებთა შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები 5, 7, 10 და 15 ლარი ეღირება. ბილეთები 10 ნოემბრიდან “დინამო არენასა” და “მიხეილ მესხის” სალაროებში დილის 11:00-დან საღამოს 18:00 საათამდე გაიყიდება. 14 ნოემბერს ბილეთები მხოლოდ “დინამო არენაზე” გაიყიდება.

მატჩი 14 ნოემბერს “დინამო არენაზე” 21:00 საათზე დაიწყება.

0.116982