დღეს საღამოს, სპორტკომპლექს “არენაში” ტატამები გაიშლება. ხვალ და ზეგ კი საქართველოს 2014 წლის ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდებიან. ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბისა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, შიდა კონკურენციაში ჩართვა ნაკრების პირველი ნომრებისთვისაც სავალდებულოა. გამონაკლისი მხოლოდ იმ სამ ძიუდოისტზე დაუშვეს, რომლებსაც წლეულს თანაგუნდელებთან შედარებით წარმატებული სეზონი ჰქონდათ: ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილზე (81 კგ), ასევე წლევანდელი ევროპირველობის მომგებ და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორ ვარლამ ლიპარტელიანზე (90 კგ) და ევროპის ვერცხლის და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორ ამირან პაპინაშვილზე (60 კგ).
საქართველოს პირველობის შედეგებით, ტრადიციულად, ნაკრების ახალი გაფართოებული შემადგენლობა გამოიკვეთება. კანდიდატებს თავიანთი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენის შანსი საერთაშორისო ტურნირებზე მიეცემათ. საუკეთესოებით კი მომავალი წლის გაზაფხულზე ევროპის ჩემპიონატის განაცხადი დაკომპლექტდება.
"ძალიან საინტერესო და დაძაბულ ჩემპიონატს ველოდები. თითქმის ყველა წონით კატეგორიაში კარგი კონკურენციაა და ამაში “არენას” დარბაზში შეკრებილი მაყურებლებიც დარწმუნდებიან. თუნდაც მარტო ის რად ღირს, რომ 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში საჭიდაოდ ნაკრების გამოცდილი წევრები ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი გამოვლენ. წინ უმნიშვნელოვანესი სეზონი გვაქვს, უკვე დაიწყო ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულების გაცემა და ამრიგად, მომავალი ჩემპიონატის დატვირთვაც იზრდება. მას შემდეგ, რაც მედლები შვიდივე წონით კატეგორიაში გათამაშდება, მწვრთნელები დავსხდებით და ტოკიოს გრან სლემზე წასაყვან საბოლოო შემადგენლობაზე შევჯერდებით. იაპონიაში დეკემბრის დასაწყისში სავარაუდოდ 8 სპორტსმენით გავემგზავრებით. იქ დაგვხვდებიან ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი, რომლებიც მწვრთნელ დავით ასუმბანის ზედამხედველობით უკვე თვეზე მეტია, ტოკაის უნივერსიტეტის დარბაზში ვარჯიშობენ” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ირაკლი უზნაძემ.
ნაკრების თავკაცმა საქართველოს პირველობის ორ იძულებით დანაკლისზეც მოგვაწოდა ინფორმაცია.
"სამწუხაროდ შალვა ქარდავამ ვარჯიშისას ტვინის შერყევა მიიღო. ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელებულმა ლევან წიკლაურმა კი ხელი იტკინა და მისი ჭიდაობაც გამოირიცხა. მართალია ამირან პაპინაშვილი ტურნირიდან გავანთავისუფლეთ, მაგრამ მას მაინც გადაწყვეტილი ჰქონდა ჭიდაობა და ხელის შემშლელი ფაქტორი ამ შემთხვევაშიც ტრავმა აღმოჩნდა – მუხლი დაიზიანა და ახლახან მენისკის ოპერაცია გაიკეთა” – დასძინა უზნაძემ.
შაბათს ტატამზე 60, 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავეები გავლენ. კვირას კი დარჩენილი ოთხი წონა: 81, 90, 100 და +100 კილოგრამები დაინომრება.
წინასწარი ეტაპის შეხვედრები დილის 11 საათიდან დაიწყება. ფინალური ბლოკის წინ კი სავარაუდოდ ერთსაათიანი შესვენება იქნება.
საქართველოს ჩემპიონატში ყველაზე მეტი წარმომადგენელი თბილისის, კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონალურ გუნდებს ეყოლებათ - თითოეულ წონით კატეგორიაში 4-4 ძიუდოისტს შეიყვანენ სატურნირო ბადეში. აჭარას, რაჭა-ლეჩხუმს, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და მცხეთა-მთიანეთს წონაში ორ-ორი წარმომადგენელი ეყოლებათ, ხოლო სამცხე ჯავახეთს, გურიას, აფხაზეთსა და ცხინვალს – თითო.