ახალი ამბები

12:25 | 6.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტაქსისტის ნაამბობი

მე თუ მკითხავთ ერთი ჩვეულებრივი, თუმცა როგორც მეუბნებიან, უცნაური თბილისელი ტაქსისტი კაცი ვარ. უცნაური იმიტომ, რომ ზოგიერთებივით არც ორი დიპლომი მაქვს და კლიენტებს ხურდასაც ყოველთვის დროულად ვუბრუნებ. თანაც პოლიტიკაზე ლაყაფს ფეხბურთზე საუბარი მირჩევნია, მაგრამ რად გინდა? ამ ქალაქში ყველას ფეხბურთის ექსპერტი ჰგონია საკუთარი თავი და საქმე საქმეზე რომ მიდგეს, კაცს იმასაც კი ვერ ალაპარაკებ, რატომ ჯობია დღევანდელი ნეიმარი ძველ მესის და რა ეშველება პატარა ქვეყნებში ფეხბურთს.

როგორი უცნაური კაცი გინდათ ჩემს ტაქსიში რომ არ ჩამჯდარა. გიჟებსა და გადარეულებს ხო რა დათვლის, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ის ტიპები არ მიყვარს, თავი ქართული ფეხბურთის დიდ მოყვარულებად რომ მოაქვთ და ერთადერთი რითაც ჩვენს ფეხბურთელებს “ეხმარებიან“, გინება, გინება და მხოლოდ გინებაა.

ამასწინათ კაცი ჩამიჯდა. შეხედავ, მოგეწონება. დინჯად, ჭკვიანური იერით ლაპარაკობდა. ვიფიქრე, აი ესაა კაცი თუა და ასეთები გვინდა ყველაზე მეტად. მაგრამ, ფეხბურთზე ისეთი რამე თქვა, ვინანე მგზავრობის საფასური თავიდან უფრო მეტი რომ არ ვუთხარი - იქნებ არ ჩამჯდარიყო და ნერვებს მაინც აღარ მომიშლიდა.

“დინამოს“ სტადიონთან გავიარეთ და მეუბნება, ხალხი აქ თამაშების სანახავად კიდევ დადისო? ვპასუხობ, ახლა ცოტა დადის, მაგრამ მაინც დადიან - კარგი ბიჭები არიან, ასეთ დროსაც რომ არ ივიწყებენ ჩვენს გუნდს. არა რას ამბობო... კაცი რომ ახლა სტადიონზე წავა და ამათ გაამხნევებს, ისაა ჩვენი ფეხბურთის ყველაზე დიდი მტერიო. რატომ მეთქი - გამიკვირდა კაცო. რატომ და იმიტომო, რომ თუ არ დაინახეს მაგათ ცუდ თამაშზე სათანადო რეაქცია რომ გვაქვსო, მერე სულ ფეხებზე დაიკიდებენ შედეგებს და ყოველთვის ეგრე გაგრძელდებაო. გადამრია იმ კაცმა. ვეუბნები, ფეხბურთი ვისთვის არსებობს? ხალხისთვის არ არსებობს? ხალხმა თუ სტადიონზე არ იარა და იმას უცადა ფეხბურთელები დავსაჯოთ თუ არ დავსაჯოთო, მაშინ ამოდენა სტადიონები რატომ გვაქვს და საერთოიდ რაღა აზრი აქვს სპორტს ამ ქვეყანაში?!...

ერთმა მგზავრმა მითხრა, ახალგაზრდობაში ფეხბურთელი ვიყავი და მერე გული ამიცრუვდა ფეხბურთზეო. 80-იან წლებში თანატოლებს უკვე ცეხები ჰქონდათ და დიდ ფულს “ჭრიდნენ“, მე კიდევ ნიფხვისამარა ბურთს დავდევდი და ტრავმებს ვიღებდიო. ჰოდა მიატოვა თურმე ფეხბურთი და დაიწყო “ცეხავიკობა“, რამაც ბლომად ფული მოუტანა და ის ფული მგონი აგერ აქამდეც კი ეყო. მაგრამ გავიდა დრო, ეს კაცი დაბერდა, ჩაჯდა ჩემს ტაქსიში და დაიწყო წუწუნი - ნეტა ისევ ფეხბურთი მეთამაშა - მსოფლიო გამიცნობდაო. ახლა კიდევ ვის რაში ვაინტერესებ საერთოდაო. ამ ყველაფერს ისე ამბობდა, თითქოს ჩემი ბრალი ყოფილიყოს იმან ფეხბურთზე უარი რომ თქვა.

როცა ტელევიზორში ფეხბურთების იყო, მაგ დროს ხშირად მუშაობა მიწევდა. ამიტომ, ადრე ვერ ვუყურებდი ხოლმე თამაშებს და ეს ამბავი ძალიან მადარდებდა. მერე ჩემმა ძმამ (ძაან ჯიგარია რა) მანქანის პატარა ტელევიზორი მაჩუქა და მაშინ მეშველა. მაგრამ ყველა მგზავრი ერთნაირი ხომ არაა? ზოგს ეჯავრება კაცო ფეხბურთი და წარმოიდგინე, კაი თამაში რომაა, შენ მანქანა მიგყავს, ემოციებში ხარ და ამ დროს მგზავრი “გიჩმახებს“ ტელევიზორი გამორთე, არ მომწონს ეს ფეხბურთიო. რა უნდა ქნა? მგზავრის მოთხოვნა მთავარია.

ჩემი ნება რომ იყოს, თბილისის ყველა უბანში დიდ, უზარმაზარ ეკრანს დავაყენებდი, სადაც დღე და ღამე ფეხბურთი იქნებოდ ჩართული (უფ, რას გაიხარებდნენ ის ბიჭები, ვისაც საკაბელო ტელევიზიის ფული არ აქვთ) და იქნებ მაშინ მაინც ესწავლათ ჩვენს ბედოვლათებს ნაღდი ფეხბურთის მუღამი. აი ახლა ხომ ასეთ ცუდ დღეშია ჩვენი ფეხბურთი? მაგრამ სხვისი არ ვიცი და მე მაინც მჯერა, რომ ჩვენი ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას მოვესწრები!

0.11636