საფეხბურთო კლუბ ქუთაისის “ტორპედოს” პრეზიდენტმა გიორგი პაპიაშვილმა განაცხადა, რომ კლუბის სპონსორი “ვისოლი” ნაკისრ მოვალეობას ასრულებს და დაფინანსების მხრივ პრობლემები არაა.
ამის შესახებ მან “ტორპედოს” ვებგვერდთან საუბრისას განაცხადა.
გიორგი პაპიაშვილი: “იმ დღიდან, როცა გუნდმა მიმდინარე სეზონისთვის ოფიციალურად დაიწყო მზადება, კონტრაქტები გაფორმდა და ყველა ნიუანსზეც მოვილაპარაკეთ. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ჩვენი მხრიდან არანაირი დარღვევა არ ყოფილა. ხელფასებიც ყოველთვის დროულად რიგდება და პრემიებიც. გუნდი არის შეკრების დონეზე გადასული, დღეში სამჯერადი კვებაა 30 კაცისთვის. ასევე, უზრუნველყოფილია ტრანსპორტირება და სასტუმროში დაბინავება. კლუბს არავის წინაშე დავალიანება არ გააჩნია. მე შემიძლია ნებისმიერ პიროვნებას წარვუდგინო ყველა ხარჯის შესაბამისი დოკუმენტი. ბოდიშით, თუ თბილისის “დინამოს” ვერ ვეჯიბრებით პირობებში, მაგრამ ნახეთ სხვა გუნდები რა დღეში არიან და მათ შევადაროთ “ტორპედოს” მდგომარეობა. თუმცა, ვფიქრობ, დღევანდელი პირობები მისაღები უნდა იყოს ჩვენი გუნდისთვის. ყოველ შემთხვევაში, იმ პასუხისმგებლობას, რაც თავიდანვე ავიღეთ, ბოლომდე ვასრულებთ. ჩვენ საერთოდ არ ჩავრეულვართ მთავარი მწვრთნელის პრეროგატივაში. ამიტომ, თავიდან ბოლომდე მისი სურვილისამებრ დაკომპლექტდა დღევანდელი გუნდი. ამდენად, მე არ მესმის, რა ხარვეზებზეა საუბარი. არსებული ხელშეკრულებების მიხედვით, კლუბი ყველა ვალდებულებას პირნათლად ასრულებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დოკუმენტებით შემიძლია დავამტკიცო, რომ ჩვენი მხრიდან პრობლემა არ არსებობს”.
ვებგვერდზე დაკონკრეტებული არაა, მაგრამ დიდი ალბათობით პაპიაშვილი ორშაბათს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” “პირველ არხზე” გადაცემა “არენაში” ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელის რეზო ძოძუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. “ტორპედოს” თავკაცის საუბრიდან ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ სასურველია კლუბის დაფინანსება უკეთესი იყოს.