დიღომში, რესტორან “ბარაკონში” ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის, ანდრეა პირლოს ქართულ ენაზე თარგმნილი ავტობიოგრაფიული წიგნის, “ვაზროვნებ, მაშასადამე ვთამაშობ” პრეზენტაცია შედგა.
გამომცემლობა “არტანუჯის” პროექტი, რომელიც კარგა ხანია დაიწყო, ცნობილ სპორტსმენთა და მწვრთნელთა ავტობიოგრაფიული წიგნების თარგმნას ითავლისწინებს.
საღამოზე, რომელსაც წიგნის მთარგმნელი ნინო ზარდიაშვილი უძღვებოდა, ხუთი წიგნი გათამაშდა. პირლოს შესახებ ხუთი კითხვა დაისვა და სწორი პასუხის ავტორებს საჩუქარად პირლოს წიგნი გადაეცათ.
საღამოს “იუვენტუსისა” და “მილანის” გულშემატკივრები ესწრებოდნენ, თუმცა იყო ნეიტრალური, მხოლოდ წიგნით დაინტერესებული საზოგადოებაც.
1995 წელს ანდრეა პირლომ საფეხბურთო კარიერა “ბრეშაში” დაიწყო. თამაშობდა “ინტერის,” “რეჯინასა” და “მილანის” მაისურით, ხოლო 2011 წლიდან ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელია.
2006 წელს, მსოფლიოს ჩემპიონის რანგში, იტალიის ნაკრები თბილისის ეწვია. 11 ოქტომბრის შეხვედრაში, როცა ანგარიში 1:1 იყო პირლოს წინააღმდეგ საეჭვო ვითარებაში დაჯარიმდა 20 წლის ჯაბა კანკავა და მსაჯმა მოედნიდან გააძევა. ათკაციან ქართველებს პირველივე შეტევისას გაუტანეს ლიპის ფეხბურთელებმა. საბოლოოდ ის შეხვედრა სტუმრებმა 3:1 მოიგეს, თუმცა იტალიელებს დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ და გარდამტეხი პირლოს წაქცევის ეპიზოდი აღმოჩნდა.
ერთი წლის შემდეგ ქალაქ ჯენოაში იტალიამ საქართველოს უმასპინძლა. იმ მატჩში ანდრეა პირლომ საჯარიმო დარტმიდან გაუტანა გიორგი ლომაიას.
პირლოს სათამაშო კლასი ასაკის მატების მიუხედავად უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება. დიდხანს შენახული ვისკის სმასავით საამოა ანდრეას თამაშის ხილვა.