ინგლისურ ვებგვერდებზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ნიჭიერი თანამემამულის, 21 წლის ანდრე გომესის შეძენით დაინტერესდა. ანდრე გომესი ლისაბონის “ბენფიკას” ყოფილი ფეხბურთელია. გასულ ზაფხულში “ვალენსიამ” მოთამაშე ლისაბონელთაგან გამოისყიდა.
ანდრე გომესს საინტერესო კარიერა აქვს. ვიდრე პროფესიონალურ ფეხბურთში მოვიდოდა, სხვადასხვა დროს “პორტუს,” “ბოავიშტასა” და “ბენფიკას” საფეხბურთო სკოლებში თამაშობდა, ხოლო მისი დებიუტი “ბენფიკას” ძირითად გუნდში 2012 წელს შედგა.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წევრმა მიმდინარე სეზონი ვალენსიელთა მაისურით წარმატებით დაიწყო. ნახევარმცველმა 9 მატჩში მესტალიელი ქომაგი ორი გოლით გაახარა.