ინგლისი
გასულ უქმეებზე, ფეხბურთის მოყვარულთა ყურადღება მანჩესტერისკენ იყო მიმართული, სადაც ქალაქის 2 გუნდი ერთმანეთს ხვდებოდა. „სიტისა“ და „იუნაიტედის“ დაპირისპირება ისე დასრულდა, როგორც სეზონის მიმდინარეობიდან გამომდინარე ლოგიკური იყო - „ქალაქელებმა“ მოიგეს.
„მანჩესტერ სიტიმ“ უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა, როდესაც მოედნიდან „იუნაიტედის“ მცველი კრის სმოლინგი გააგდეს. ისტორიის გათვალისწინებით, ეს გასაკვირი არ ყოფილა. პრემიერლიგაში გამართულ მანჩესტერულ დერბიში წითელი ბარათი მსაჯებს სულ 7-ჯერ უჩვენებიათ და 6-ჯერ „იუნაიტედი“ დაზარალდა. გარდა ამისა, „მანჩესტერი“ პრემიერლიგის ერთადერთი გუნდია, რომლის ფეხბურთელიც, 2014 წელს, მოედნიდან 5-ჯერ გააძევეს.
„სიტის“ მხრიდან გოლი იმ ფეხბურთელმა გაიტანა, რომელიც ამას ყველაზე ხშირად აკეთებს. სერხიო აგუერომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარი მეხუთედ აიღო და ის პრემიერლიგაში გამართულ დერბიში „სიტის“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა. არგენტინელი ფეხბურთელი ამ გუნდებს შორის პრემიერლიგაში გამართულ მატჩებში გატანილი მე-100 გოლის ავტორია.
„ეტიჰადზე“ მასპინძელთა მოგება იმას ნიშნავს, რომ „იუნაიტედმა“ ზედიზედ 4 დერბი 1969-1970 წლების შემდეგ პირველად წააგო. „სიტი“, „ლივერპულის“ შემდეგ, მე-2 გუნდია, რომელმაც „წითელი ეშმაკები“, პრემიერლიგაში, ზედიზედ 4-ჯერ დაამარცხა.
10 ტურში, „მანჩესტერს“ 3 მოგება აქვს და ყველა მათგანი საკუთარ მოედანზე. ლუი ვან გაალის გუნდმა, სეზონის სტარტზე, 5 გასვლითი თამაშის მოგება ვერ მოახერხა. ასეთი დასაწყისის მიუხედავად ინგლისში გაჩემპიონება ბოლოს „დერბი ქაუნთიმ“ მოახარხა, რომელმაც ტიტული 1975 წელს მოიგო. თუ გასულ სეზონსაც დავუმატებთ, „მანჩესტერს“, სტუმრად, 7-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. ამ გუნდს ასეთი შედეგი 1989 წლის შემდეგ არ ჰქონია.
ის ფაქტი, რომ ლუი ვან გაალის მიერ გაწვრთნილი გუნდი სტუმრად მოგებას ვერ ახერხებს, გასაკვირი არაა. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა, 2014 წელს, მეტოქის მოედანზე ერთადერთი თამაში მოიგო. ეს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოხდა, როდესაც მისმა ჰოლანდიამ მასპინძელი ბრაზილია 3:0 გაანადგურა.
მიმდინარე გათამაშებაში „სიტის“ ლიდერად სერხიო აგუერო მოგვევლინა. მის მიერ პრემიერლიგაში გატანილი 10 გოლიდან 4 ანგარიშის გამხსნელი იყო. ეს შედეგი, ალექსის სანჩესის მაჩვენებელთან ერთად, საუკეთესოა.
„არსენალის“ ჩილელმა თავდამსხმელმა, მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, უკვე 10 გოლი გაიტანა. არცერთ მის თანაგუნდელს 5 გოლზე მეტი გატანილი არ აქვს. გარდა ამისა, სანჩესი „მეთოფეების“ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც პრემიერლიგაში ერთზე მეტი საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.
სანჩესი „არსენალის“ ისტორიაში პირველი ახალწვეული ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პრემიერლიგის პირველ 9 თამაშში 7 გოლის გატანა მოახერხა. აქედან 2-ჯერ მეტოქის კარი მან გასულ ტურში, „ბარნლისთან“ გამართულ შეხვედრაში აიღო. ამ თამაშში, ლონდონელებმა მეტოქის კარის მიმართულებით 32-ჯერ დაარტყეს. „არსენალს“ ასეთი შედეგი 2007 წლის აპრილის შემდეგ არ ჰქონია.
მორიგი თამაში მოიგო „ჩელსიმ“, რომელმაც ჰარი რედნაპის „ქუინს პარკ რეინჯერსი“ დაამარცხა. რედნაპს, „ჩელსისთან“ პრემიერლიგაში ჩატარებულ ბოლო 6 თამაშში მხოლოდ 1 წაგება ჰქონდა, მაგრამ ჟოზე მოურინიოს წინააღმდეგ გამართულ ხუთ თამაშში ის ყოველთვის დამარცხებული გამოდიოდა. ინგლისელმა სპეციალისტმა პორტუგალიელთან კვლავ წააგო და „არისტოკრატებთან“ არსებული სტატისტიკა გაიუარესა.
„სტემფორდ ბრიჯზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში ოსკარმა გახსნა, რომელსაც საგოლე გადაცემა სესკ ფაბრეგასმა გაუკეთა. ესპანელმა ფეხბურთელმა, პრემიერლიგაში, თანაგუნდელებს უკვე 9-ჯერ გაატანინა.
„ჩელსიმ“ 2:1 მოიგო და „არისტოკრატების“ კარში ერთადერთი გოლი, რა თქმა უნდა, ჩარლი ოსტინმა გაიტანა. 25 წლის თავდამსხმელმა, ბოლო 2 სეზონის განმავლობაში, „ქუინს პარკ რეინჯესის“ მაისურით თავი 24-ჯერ გამოიჩინა. არცერთ სხვა ფეხბურთლს ეს ექვსზე მეტჯერ არ გაუკეთებია.
ამ მოგების შემდეგ, „ჩელსიმ“, 10 ტურში, თავი 26 ქულას მოუყარა. ეს შედეგი, ლონდონელთათვის, პრემიერლიგის ისტორიაში მეორეა. „არისტოკრატებს“ უკეთესი სტარტი 2005 წელს ჰქონდათ, როდესაც 10 თამაშში 28 ქულა მოაგროვეს.
მე-2 ადგილზე, მოულოდნელად, „საუთჰემპტონია“, რომელსაც ისტორიაში საუკეთესო სტარტი აქვს. „წმინდანებმა“ 10 მატჩში 22 ქულა მოაგროვეს. აქამდე მათი რეკორდი 10 შეხვედრაში 20 ქულის აღება იყო. ეს 1983/84 წლების სეზონში მოხდა, როდესაც „საუთჰემპტონი“ ინგლისის ჩემპიონატში მე-2 ადგილზე გავიდა.
„ნიუკასლისა“ და „ლივერპულის“ დაპირისპირებაში ბევრი გოლი იყო მოსალოდნელი. ამ გუნდებს შორის პრემიერლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში 129 ბურთი იყო გატანილი, რაც ტურნირის რეკორდია. ამას ისიც ემატებოდა, რომ „ლივერპული“ გოლის გატანას პრემიერლიგის ბოლო 18 გასვლით თამაშში ახერხებდა. თუმცა, ამჯერად, ბრენდან როჯერსის გუნდმა მასპინძელთა კარი ვერ აიღო, ხოლო „კაჭკაჭებმა“ ერთი ბურთი იკმარეს.
პრემიერლიგაში თავი კვლავ ვერ გამოიჩინა მარიო ბალოტელიმ. იტალიელ ფეხბურთელს, ინგლისში თამაშის დროს, გოლის გასატანად, საშუალოდ, 9 დარტყმა სჭირდება, „ნიუკასლის“ ფეხბურთელებმა კი მას მხოლოდ 2-ჯერ დაარტყმევინეს.
„სანდერლენდს“, პრემიერლიგაში ორშაბათ დღეს 2002 წლის პირველი აპრილის შემდეგ არ მოეგო. „შავ კატებს“, ამ დღეს ჩატარებულ ბოლო 20 თამაშში 8 ფრე და 12 წაგება ჰქონდათ. ეს წარუმატებელი სერია „კრისტალ პალასთან“ შეწყდა, რაც მოსალოდნელიც იყო, რადგან „არწივები“, ნოემბერში, ტრადიციულად ცუდად თამაშობენ. 1994 წლის შემდეგ, „კრისტალ პალასმა“, ნოემბერში ჩატარებული საშინაო თამაში ერთადერთხელ მოიგო.
ბოლოს კი აღვნიშნავთ, რომ პრემიერლიგის ისტორიაში არასდროს მომხდარა, რომ 10 ტურის შემდეგ 17 ან ნაკლები ქულის მქონე გუნდს სეზონის ბოლოს ჩემპიონობა ეზეიმოს. ამ სტატისტიკის გათვალისწინებით, „არსენალი“, „ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ საჩემპიონო ბრძოლაში დაბრუნებას ვერ მოახერხებენ.
გერმანია
„სიტი“-„იუნაიტედის“ შეხვედრის გარდა, ცენტრალური ითქმოდა გერმანიის ბუნდესლიგაში „ბაიერნისა“ და „დორტმუნდის“ დაპირისპირებაზეც. სიტუაცია აქაც მანჩესტერელთა მსგავსი იყო - ლიდერთა შორის მყოფი გუნდი ძალიან ცუდი სტარტის მქონე მეტოქეს მასპინძლობდა.
პეპ გვარდიოლასთვის „დორტმუნდი“ უხერხული მეტოქეა. ესპანელ სპეციალისტს, სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, გერმანულ გუნდთან სულ 4 თამაში აქვს წაგებული და აქედან 3-ჯერ ის სწორედ „დორტმუნდთან“ დამარცხდა.
„ბაიერნს“, ბუნდესლიგის ლიდერობის დროს, 109 თამაში წაუგია. პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად, პირველ ადგილზე მყოფი მიუნხენელების დამარცხება „დორტმუნდმა“ მოახერხა. ამას ისიც ემატებოდა, რომ „ბაიერნს“ „დორტმუნდი“ ზედიზედ 2-ჯერ 2009/10 წლების სეზონის შემდეგ არ ჰყავდა დამარცხებული. თუმცა, ამ გუნდებს შორის გამართულ ბოლო 13 თამაშში დადგენილი ტრადიციის თანახმად, „დორტმუნდთან“ „ბაიერნის“ ყოველ წარუმატებლობას მოგება მოჰყვება და ეს ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა. მიუნხენური გუნდი დიდი ხნის განმავლობაში აგებდა, მაგრამ „რეკორდმაისტერმა“ 3 ქულის აღება მაინც მოახერხა.
ანგარიში მარკო როისმა გახსნა. ეს მან 31-ე წუთზე გააკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბაიერნმა“, მიმდინარე გათამაშებაში, გოლი შესვენებამდე პირველად გაუშვა. როისის ზუსტი თავურის შემდეგ მანუელ ნოიერის 688-წუთიანი მშრალი სერიაც შეწყდა.
„ბაიერნის“ შემტევს, რობერტ ლევანდოვსკის, გოლი ბუნდესლიგაში ამჟამად მოთამაშე 17 გუნდის კარში ჰქონდა გატანილი. პოლონელ შემტევს მხოლოდ „დორტმუნდის“ კარის აღება აკლდა. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ის, თავის ყოფილ გუნდს ბუნდესლიგაში პირველად უპირისპირდებოდა. ლევანდოვსკიმ პირველივე შანსი გამოიყენა და 72-ე წუთზე გატანილი გოლით ერთადერთი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ამჟამად ბუნდესლიგაში მოთამაში ყველა გუნდის კარი აუღია.
85-ე წუთზე, „დორტმუნდის“ კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. არიენ რობენს, ბუნდესლიგაში, 9 პენალტი ჰქონდა დარტყმული და 8 გატანილი. არაზუსტად მან ერთადერთხელ, „დორტმუნდთან“ მატჩში დაარტყა. თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ამჯერადაც ჰოლანდიელი მივიდა და მან „დორტმუნდს“ ბოლო 7 თამაშში მეშვიდედ გაუტანა.
„დორტმუნდს“, ბუნდესლიგაში, წაგებათა 5-მატჩიანი სერია აქვს. ასეთი რამ 2000 წლის შემდეგ პირველად მოხდა. საინტერესოა, რომ იურგენ კლოპის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის 3 ტურში უფრო მეტი ქულა დააგროვა, ვიდრე ბუნდესლიგის 10 შეხვედრაში.
„დორტმუნდთან“ გამართული თამაში სრულად ჩაატარა დავიდ ალაბამ. ავსტრიელმა ფეხბურთელმა მოედანი გაფრთხილების გარეშე ბუნდესლიგის ზედიზედ 88-ე მატჩში დატოვა. გერმანიის ჩემპიონატში მოთამაშე მცველებს შორის ასეთი შედეგი არავის აქვს.
ესპანეთი
გასული უქმეების მთავარი სენსაცია „ბარსელონასა“ და „სელტას“ შორის გამართულ მატჩში დაფიქსირდა. ვიგოელებს, პრიმერაში, „კამპ ნოუზე“ გამართულ მატჩში არასდროს მოეგოთ. კატალონიელებს, „სელტასთან“, საკუთარ მოედანზე 45-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. ესპანეთში, ერთ კონკრეტულ მეტოქესთან საკუთარ მოედანზე არსებული ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია 46 თამაშია და „ბარსას“ ამ შედეგის გამეორება შეეძლო, მაგრამ „ბლაუგრანამ“, საკუთარ კედლებში, გოლი ბოლო 57 თამაშში პირველად ვერ გაიტანა და ლუის ენრიკეს გუნდი უქულოდაც დარჩა.
„სელტასთან“ წაგებამდე, „ბარსა“ უქულოდ „რეალთან“ გამართულ მატჩშიც დარჩა. ეს მხოლოდ მე-2 შემთხვევაა, როდესაც კატალონიელებმა „კლასიკოში“ წაგებას სხვა გუნდთან მარცხი მოაყოლეს. პირველად ასეთი რამ 2008 წლის მაისში მოხდა.
კატალონიურმა კლუბმა პრიმერას ზედიზედ 2 თამაში 2009 წლის მაისის შემდეგ პირველად წააგო. 5 წლის წინათ, ზედიზედ 2-ჯერ დამარცხების დროს, „ბარსას“ ქვეყნის ჩემპიონობა განაღდებული ჰქონდა.
კლაუდიო ბრავოს კარში ერთადერთი გოლი ლარივეიმ გაიტანა. ის „სელტას“ პირველი ფეხბურთლია 1957 წლის შემდეგ, რომელმაც პრიმერას პირველ 10 ტურში 7 გოლის გატანა მოახერხა.
ლუის სუარესისთვის „ბარსელონას“ მაისურით ჩატარებული პირველი 2 მატჩი წარუმატებელი გამოდგა. მისი გუნდი ორივე შემთხვევაში უქულოდ დარჩა. „ბარსას“ ბოლო ფეხბურთელი, რომელიც კლუბის აღზრდილი არ იყო და რომლის პირველი 2 თამაშიც წაგებით დასრულდა, ბიო იყო. მას წარუმატებელი სტარტი 1978 წელს ჰქონდა.
ლუის სუარესის გარდა, „ბარსელონას“ სასტარტო შემადგენლობაში კიდევ 8 უცხოელი ფეხბურთელი თამაშობდა. ასეთი რამ 2008 წლის მაისის შემდეგ პირველად მოხდა. შედარებისთვის, 10 თვის წინათ, „ბარსამ“ თამაში მხოლოდ 2 უცხოელი ფეხბურთელით დაიწყო.
„ბარსამ“ გოლი რომ ვერ გაიტანა, ეს მომენტების გამოუყენებლობის ბრალია. კატალონიელებმა ბურთი ძელს 4-ჯერ მოარტყეს. პრიმერაში ასეთი რამ ბოლოს 2011 წლის აპრილში, „ალმერიასა“ და „სარაგოსას“ შორის გამართულ მატჩში მოხდა.
იმავე დღეს, როცა „ბარსელონამ“ „სელტასთან“ წააგო, „ბარსა ბ“, საკუთარ კედლებში, „ხიხონს“ უგოლოდ დაუზავდა. 1985 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „ბარსელონას“ ვერცერთმა საფეხბურთო გუნდმა, ერთ დღეს, საკუთარ მოედანზე გოლი ვერ გაიტანა.
10 ტურის შემდეგ, „ბარსელონა“ მე-4 ადგილზეა. კატალონიელებს ასეთი ცუდი შედეგი 2004 წლის შემდეგ არ ჰქონიათ.
„ბარსელონას“ მიერ ქულების დაკარგვით ისარგებლა „რეალმა“, რომელმაც მორიგი იოლი თამაში მოიგო. „გრანადას“ კარში 4 უპასუხო ბურთის გატანის შემდეგ, მადრიდელებს, 10 ტურში, 37 გოლი დაუგროვდათ. ლა ლიგაში ასეთი რამ ბოლო 64 წლის განმავლობაში არ მომხდარა. „რეალი“ ესპანური ფეხბურთის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც პირველ 5 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 20-ჯერ აიღო.
„გრანადასთან“ გამართულ მატჩში ანგარიში კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა, რომელიც კარიერაში მე-700 თამაშს ატარებდა. მან თავი მე-2 წუთზე გამოიჩინა. ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, პირველ ორ წუთში სულ 4 გოლია გასული და აქედან ორის ავტორი სწორედ რონალდუა.
„რეალის“ლიდერმა თავი ქარიმ ბენზემას გადაცემის შემდეგ გამოიჩინა. ფრანგმა პორტუგალიელს 25-ე საგოლე გადაცემა გაუკეთა. რონალდუს კარიერაში უფრო შედეგიანი პარტნიორი მხოლოდ მესუთ იოზილია (27 საგოლე გადაცემა).
„გრანადასთან“ გატანილი გოლით, რონალდუმ მორიგი რეკორდი დაამყარა. პრიმერას პირველ 10 ტურში 17 გოლი აქამდე არავის გაეტანა. ევროპის ჩემპიონატებში ასეთი შედეგი ბოლოს რუდ ვან ნისტელროის ჰქონდა, რომელმა 1999/2000 წლების სეზონში, პსვ-ს მაისურით, პირველ 10 ტურში 18 გოლი გაიტანა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ 10 ტურიდან რონალდუმ ერთი გამოტოვა.
„რეალმა“, ყველა ტურნირზე, ზედიზედ მე-11 თამაში მოიგო. მადრიდელთა იტალიელი დამრიგებელი კარლო ანჩელოტი მე-19 წელია მწვრთნელია. მას გუნდი სათამაშოდ 925-ჯერ გაუყვანია. ამხელა გამოცდილების მიუხედავად, ანჩელოტის გუნდმა ზედიზედ 11 თამაში პირველად მოიგო.
საინტერესო შედეგებს აჩვენებს „ვალენსია“. „ღამურებს“ თამაშში ან 3 გოლი გააქვთ, ან ერთი, ან ვერცერთი. ქულების გადანაწილებაც შესაბამისია - 3 გოლის გატანის შემთხვევაში „ვალენსია“ იგებს, მეტოქის კარის ერთხელ აღების შემთხვევაში ფრედ თამაშობს, ხოლო თუ ვერ გაიტანს, ყოველთვის აგებს. ეს ტრადიცია მე-10 ტურშიც გაგძელდა. ნუნუ სანტუს გუნდმა „ვილიარეალი“ 3:1 დაამარცხა.
„ელ მადრიგალზე“ გამართულ მატჩში ანგარიში ტრიგეროსის ავტოგოლით გაიხსნა. მე-10 ტურში, ფეხბურთელებმა საკუთარ კარში ბურთი 4-ჯერ ჩაჭრეს, რაც ლა ლიგაში 2007 წლის შემდეგ პირველად მოხდა. ესპანური ფეხბურთის რეკორდი ერთ ტურში 5 ავტოგოლია. თამაშის მიწურულს, ტრიგეროსმა „ვალენსიას“ კარშიც გაიტანა და ის „ვილიარეალის“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ თამაშში ორივე გუნდის კარის აღბა მოახერხა.
ტრიგეროსის გარდა, თავი 2 გოლით „ვალენსიას“ მცველმა, შკოდრან მუსტაფიმაც გამოიჩინა. ის „ვალენსიას“ პირველი მცველია 2003 წლის შემდეგ, რომელმაც ერთ მატჩში 2 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მუსტაფი პრიმერას ისტორიაში პირველი გერმანელი მცველია, რომელმაც დუბლი გაიფორმა.
მუსტაფის პირველი გოლი პაბლო პიატიმ გაატანინა. „ვალენსიას“ მიერ გატანილი ბოლო 6 გოლიდან 4 სწორედ არგენტინელის გადაცემას მოჰყვა. საინტერესოა, რომ „ღამურებს“ ამ 6 ბურთის გასატანად მხოლოდ 7 ზუსტი დარტყმა დასჭირდათ.
„გრანადასთან“ 4:2 მოგებულ შეხვედრაში, „ატლეტიკოს“ ფეხბურთელებმა“, 3 გოლი თავით გაიტანეს. მიმდნიარე გათმაშებაში, დედაქალაქელებმა მეტოქეთა კარი სულ 19-ჯერ აიღეს და აქედან 11 გოლი თავურ დარატყმას მოჰყვა. სიმეონეს გუნდმა ერთი გოლი თავადაც თავით დარტყმის შემდეგ გაუშვა. 2011 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „ატლეტიკოს“ კარში გოლი კუთხურის მოწოდებასა და თავურ დარტყმას მოჰყვა.
„კორდობამ“ ორივე გოლი მე-2 ტაიმში გაიტანა. ანდალუსიელთა მიერ მიმდინარე გათამაშებაში გატანილი 8 ბურთდან 7 სწორედ შესვენების შემდეგ გავიდა.
მადრიდულ გუნდებთან მორიგი წარუმატებელი თამაში ჩაატარა „დეპორტივომ“, რომელიც „ხეტაფესთან“ დამარცხდა. ლა კორუნიელებს დედაქალაქურ გუნდებთან უკვე 20 თამაშია არ მოუგიათ.
10 ტურის შემდეგ, ლა ლიგის ზედა ნაწილში მდგომარეობა ძალიან დაძაბულია. პირველ და მე-5 ადგილებს შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა. ასეთი რამ 2001 წლის შემდეგ პირველად მოხდა.
იტალია
სერია A-ს ისტორიაში საუკეთესო პერიოდი უდგათ გენუურ გუნდებს. „სამპდორიამ“ და „ჯენოამ“, პირველ 10 ტურში, ჯამში 37 ქულა მოაგროვეს, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.
„ჯენოამ“, მე-10 ტურში, „უდინეზე“ დაამარცხა და 18 ქულა მოაგროვა. „გრიფინებს“ ასეთი შედეგი 1932 წლის შემდეგ პირველად აქვთ.
„სამპდორიამ“ „ფიორენტინას“ 3:1 სძლია. ფლორენციელთა მხრიდან ერთადერთი გოლი სტეფან სავიჩმა გაიტანა. მას, სერია A-ში, სულ 3 ბურთი აქვს გატანილი და სამივე „სამპდორიას“ კარში.
ყველაზე „სტანდარტულ“ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა ანდრეა პირლო. 35 წლის ნახევარმცველმა კარიერაში 44-ე ჯარიმა გაიტანა. მის მიერ სერია A-ში გატანილი ბოლო 10 გოლიდან ყველა ჯარიმის ზუსტად შესრულებას მოჰყვა. 2012 წლის მარტის შემდეგ, პირლომ 16 გოლი გაიტანა, აქედან 15 ჯარიმიდან და 1 თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან.
2013 წლის ზაფხულში „რეალიდან“ „ნაპოლიში“ გადასული გონსალო იგუაინი და ხოსე კალიეხონი ნეაპოლური გუნდის წარმატებების მთავარი შემოქმედები არიან. „რომასთან“ 2:0 მოგებულ შეხვედრაში ორივემ თითო გოლი გაიტანა, ხოლო არგენტინელმა საგოლე გადაცემაც გააკეთა. „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ, გოლს+პასი სისტემით, იგუაინის ანგარიშზე 31 ქულაა, ხოლო კალიეხონისაზე - 30.
გონსალო იგუაინმა ანგარიში 127-ე წამზე გახსნა. ეს გოლი, მის ევროპულ კარიერაში, უსწრაფესია. „რომამ“ კი, ასე სწრაფად გოლი 2012 წლის აპრილის შემდეგ პირველად გაუშვა.
„მილანსა“ და „პალერმოს“, მილანში, 27-ჯერ უთამაშიათ. სტუმრებმა მესამედ მოიგეს და წინა 2 შემთხვევის მსგავსად, ამჯერადაც 2:0.
„სან სიროზე“ გამართულ მატჩში ანგარიში კრისტიან საპატამ გახსნა, რომელმაც ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, „მილანის“ ფეხბურთელებმა უკვე 3 ავტოგოლი გაიტანეს. არცერთ სხვა გუნდს ავტოგოლით ერთზე მეტჯერ არ უზარალია.
„პალერმოსთან“ წაგება, „მილანისთვის“, სერია A-ს ისტორიაში, მე-600 იყო.
საფრანგეთი
საფრანგეთის ჩემპიონატს კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს „მარსელი“, რომელმაც მე-12 ტურში „ლანსი“ დაამარცხა. მარსელო ბიელსას გუნდის წარმატების საიდუმლო თითქმის უცვლელი სასტარტო შემადგენლობაა. ლიგა ერთში უკვე 12 ტური ჩატარდა და არგენტინელმა სპეციალისტმა ძირითად შემადგენლობაში ერთზე მეტი ცვლილება მხოლოდ 2-ჯერ განახორციელა. ორივე შემთხვევაში მან 2 ფეხბურთელი გამოცვალა.
„ლორიანთან“ გამართული მატჩის პირველ ტაიმში წაგების მიუხედავად, 3 ქულა ზედიზედ მე-3 მატჩში აიღო „პარი სენ ჟერმენმა“. პსჟ-მ პირველ ნახევარში წაგების მიუხედავად მოგება 2012 წლის მაისის შემდეგ პირველად მოახერხა და საინტერესოა, რომ 2 წლის წინათაც, დედაქალაქელთა მეტოქე „ლორიანი“ იყო.
„მეცს“ 3-მატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტაში დაეხმარა ფლორან მალუდა. 34 წლის შემტევმა, საფრანგეთის ჩემპიონატში გოლი 2717-დღიანი პაუზის შემდეგ გაიტანა.
„მონპელიეს“ კვლავ ვერაფრით ეხმარება პარაგვაელი შემტევი ლუკას ბარიოსი. ლიგა ერთში ჩატარებული 529 წუთის განმავლობაში მან ვერც გოლი გაიტანა და ვერც თანაგუნდელებს გაატანინა. საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე არცერთ სხვა თავდამსხმელს ასეთი ცუდი შედეგი არ აქვს.