ფეხბურთი

18:21 | 3.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” – ყველაზე ძვირადღირებული გუნდი პრემიერლიგაში, რომელმაც წააგო...

“მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერლიგის ანტირეკორდის ავტორი გახდა. კვირას, “სიტისთან” წაგებულ მატჩში (0:1), ლუის ვან გაალის მიერ ძირითად შემადგენლობაში დაყენებული 11 ფეხბურთელის ჯამური ფასი 300 მილიონი ევრო გახლდათ. ასეთ ძვირადღირებულ გუნდს აქამდე ინგლისის პრემიერლიგაში შეხვედრა არ წაუგია.

დე ხეა; ვალენსია, სმოლინგი, როხო, შოუ; ბლინდი; იანუზაი, ფელაინი, რუნი, დი მარია; ვან პერსი – ამ ფეხბურთელების ჯამური ფასი BBC-ის მონაცემებით 308 მილიონს აღწევს, ხოლო “ტრანსფერმარკეტის” მონაცემებით – 297 მილიონს. თუმცა ეს სხვაობა დიდად მნიშვნელოვანი არაა, რადგან “მანიუ” მაინც “რეკორდის” ავტორია.

გუნდის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე ამ შეხვედრაში ანხელ დი მარია გახლდათ – 75 მილიონი ევრო. შემდეგ მოდიან ლუკ შოუ (37,5 მილიონი), მარუან ფელაინი (32,4 მილიონი), რობინ ვან პერსი (30,7 მილიონი), მარკოს როხო და დავიდ დე ხეა (20-20 მილიონი).

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა მადრიდის “რეალს” ჰყავს, “სამეფო კლუბის” მოთამაშეთა ჯამური ფასი დაახლოებით 450 მილიონ ევროს აღწევს.

“მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერლიგაში 10 ტურის შემდეგ, 13 ქულით მხოლოდ და მხოლოდ მე-9 ადგილზე იმყოფება.

0.118979