“ვილიარეალის“ მთავარი მწვრთნელი, მარსელინიო ტორალი “ვალენსიასთან” წაგებული მატჩის (1:3) შემდეგ ჟურნალისტებთან წარსდგა და განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მეტოქეზე კარგი თამაში აჩვენა.
“ჩვენ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და მოგება შეგვეძლო. “სევილიასთან” მატჩში მეტოქეზე უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ დავმარცხდით. ასე იყო ახლაც. 65 წუთის განმალობაში “ვალენსიაზე” უკეთ გამოვიყურებოდით და მათზე მეტი შანსი გვქონდა, თუმცა გოლი ვერაფრით გავიტანეთ. მეორე გაშვებული გოლის შემდეგ კი, მეტოქემ დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა და აღარ გასჭირვებია.
ბევრ მომენტს ვქმნით, მაგრამ გამოყენება გვიჭირს, რაზეც ბევრი უნდა ვიმუშაოთ. გუნდი სწორს გზას ადგას და უკეთესი შედეგი აუცილებლად გვექნება “, - განაცხადა 49 წლის სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ 10 ტურის შემდეგ “ვილიარეალი” ლა ლიგაში 14 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს.