თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ესპანეთის ჩემპიონატის სტარტზე განცდილი 3 მარცხის კვალად მე-2 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.
“მანრესასთან” შეხვედრაში, რომელიც ბასკებმა იოლად – 87:67 მოიგეს, ქართველი ფორვარდი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 21:53 წუთში 8 ქულა და 5 მოხსნა (3 შეტევაში) მოაგროვა.
“თოკომ” 5-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
ჩინებულად გაისარჯა სლოვენიელი საშა ვუიაჩიჩი, რომელმაც მასპინძლებს 21 ქულა შესძინა, ლატვიელმა დავის ბერტანსმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა – 19 ქულა, 10 მოხსნა.
“ლაბორალ კუჩამ” მე-11 ადგილზე გადაინაცვლა, ესპანურ ლიგაში მომდევნო თამაშს კი 9 ნოემბერს სტუმრად “გრან კანარიასთან” ჩაატარებს. მანამდე, 7 ნოემბერს, ბასკები ევროლიგის ეგიდით, ესპანურსავე “ვალენსიას” ჩააკითხავენ.