ფეხბურთი

20:23 | 2.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონმა” ნავსი გატეხა
ორი დუბლი და ისევ კაპანაძის გადამწყვეტი

თვეზე მეტი იყო გასული, რაც “ზესტაფონს” არ მოეგო. გეგუჩაძის ფორმაციის “ზესტაფონს” გასულ წლებშიც ჰქონია ჩავარდნები, მაგრამ სეზონის სტარტზევე ლიდერების წასვლით დასუსტებული პირველად ამ სეზონში ვნახეთ. სხვა შემთხვევებში, თბილისის “დინამოს” უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გამყვანი მწვრთნელის გუნდში შეკრებაგავლილი ფეხბურთელები მინიმუმ შემდეგ სატრანსფერო ფანჯრამდე რჩებოდნენ კლუბში.

მცხეთელები ბოლოს ნესტორ მუმლაძის მწვრთნელობისას გაჩემპიონდნენ, მაგრამ დრო და დრო ქვევით დაეშვნენ. “ვიტ ჯორჯია” წლების შემდეგ შეიცვალა, მეორე ეშელონის გუნდად ჩამოყალიბდა, თუმცა სახე შეინარჩუნა და ხუმრობანარევი აზრი მცხეთელთა და არსენ ვენგერის სტრატეგიის მსგავსებისა ახალგაზრდებთან მიმართებაში, რეალობას მეტნაკლებად ასახავს. განსხვავება მხოლოდ სიმაღლეებშია...

უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა ლევან საბაძემ. მცხეთელთა 22 წლის მოთამაშემ ათწუთიან მონაკვეთში მეორეც შეაგდო და ბურთის ფლობის უპირატესობის მიუხედავად, “ზესტა” რთულ ვითარებაში აღმოჩნდა.

ლევან საბაძემ საფეხბურთო კარიერა პირველლიგელ “ტექნიკურ უნივერსიტეტის” გუნდში დაიწყო, თამაშობდა “დინამო-2-ში,” სადაც მწვრთნელი ნესტორ მუმლაძე იყო. გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრიდან მოყოლებული კი მცხეთური კლუბის წევრია.

ბერიძის ფეხბურთელთა შორის გამოირჩეოდნენ ვანო კურდღელაშვილი და ვალიკო გახარია. დაბალი ნახევარმცველები სწრაფად დარბოდნენ და ბრძოლისუნარიანად მოქმედებდნენ. კურდღელაშვილი 19 წლის, ხოლო გახარია 20 წლის მოთამაშეა.

“ზესტაფონმა” მეორე ტაიმი უფრო მოტივირებულად ითამაშა. იმერლები მეტს მოძრაობდნენ და იბრძოდნენ, თუმცა რომ არა ჯაბა დვალი და მისი გამოცდილება, ვინ იცის ვინ მოიგებდა თამაშს.

სტუმართა შორის სათამაშო დისციპლინით გამოირჩეოდა ლევან შარიქაძე, თავის ზონას არ ტოვებდა და იშვიათად ცდებოდა. აღსანიშნავია, რომ თემურ ქეცბაიამ სასექტემბრო შეხვედრების წინ შარიქაძე ნაკრების გაფართოებულ სიაშიც შეიყვანა.

წლების წინ გეგუჩაძე “გაგრაში” მუშაობდა, სადაც შარიქაძე თამაშობდა. ასე რომ, მწვრთნელი და ფეხბურთელი კარგა ხანია იცნობენ ერთმანეთს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასევე იყო დვალის შემთხვევაშიც - 18 წლის ჯაბა დვალი გეგუჩაძემ თბილისის “დინამოს” დუბლებიდან დააწინაურა პირველ კლუბში.

საბაძის მსგავსად, ათწუთიან მონაკვეთში მოახერხა დუბლის შესრულება 29 წლის დვალმა. გათანაბრების შემდეგ, კაპანაძის გოლამდე დვალს კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ კუთხეში ვერ დაარტყა და შეროზიამ ბურთი ხელებში დაიჭირა.

წინა სეზონის დასასრულს ჩემპიონ “დინამოსთან” ცვლილებაზე გამოსულმა თორნიკე კაპანაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა (3:2). ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა დღეს “მცხეთა-პარკზე” და გადამწყვეტი გოლის ავტორი ამ შემთხვევაშიც კაპანაძე იყო.

მიმდინარე სეზონში კაპანაძემ მეორე გოლი გაიტანა და ორივე შემთხვევაში ცვლილებაზე გამოსვლის შემდეგ შეაგდო. საინტერესოა, რომ ზესტაფონელმა გულშემატკივარმა 22 წლის შემტევს ზედმეტსახელად “ელვა” შეარქვა. იმერელთა სხარტი ფორვარდი იმ ფეხბურთელთა კატეგორიაში შედის, რომლებიც ცვლილებაზე გამოსვლის შემდეგ უფრო პროდუქტიული ხდებიან, როგორიც იყო, მაგალითად, ახლო წარსულში მოთამაშე ყოფილი მანჩესტერელი ოლე გუნარ სოლსკიაერი.

“ვიტ ჯორჯია” – “ზესტაფონი” 2:3 (2:0)

მცხეთა, “მცხეთა-პარკი”, 150 მაყურებელი

ვიტ ჯორჯია: შეროზია, გეთიაშვილი (კაპიტანი), კალანდია, მაისურაძე, ლობჟანიძე (კუხალეიშვილი 68), კურდღელაშვილი, ღიბრაძე (კახაბრიშვილი 63), გახარია (ხვისტანი 77), კვირკვია, დავლაშელიძე, საბაძე

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე

ზესტაფონი: პავლოვიჩი, თორნიკე გრიგალაშვილი, ხიდეშელი (თედორე გრიგალაშვილი 85), რენე ფერეირა, ენდელაძე (გაგოშიძე 73), შარიქაძე, ჭანტურიშვილი, სარდალიშვილი, ჭანკოტაძე, ფანცულაია (კაპანაძე 56), დვალი

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

გოლები: 1:0. 2:0 საბაძე (16, 26), 2:1, 2:2 დვალი (49, 59), 2:3 კაპანაძე (70)

მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია (თბილისი)

გაფრთხილება: კვირკვია (17), გახარია (52), ღიბრაძე (44), ხვისტანი (90)

1. დინამო (თბილისი) 11 8 2 1 23:8 26
2. სპარტაკი 11 6 2 3 12:15 20
3. დილა 10 5 3 2 17:8 18
4. სამტრედია 11 5 3 3 11:8 18
5. მეტალურგი 11 4 4 3 14:12 16
6. ტორპედო 11 3 6 2 13:11 15
7. მერანი 11 4 3 4 9:8 15
8. ჩიხურა 11 4 3 4 12:12 15
9. ზესტაფონი 11 3 5 3 21:15 14
10. დინამო (ბათუმი) 11 4 2 5 10:11 14
11. გურია 11 3 5 3 11:17 14
12. ვიტ ჯორჯია 11 3 2 6 11:12 11
13. კოლხეთი 11 2 4 5 9:14 10
14. ზუგდიდი 11 2 4 5 7:14 10
15. სიონი 11 2 3 6 10:17 9
16. შუქურა 10 1 5 4 7:15 8

მეგოლეები:

8 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

7 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

6 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო)

4- კობა შალამბერიძე (გურია), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი)

3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჩელებაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი ძარია, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი), დათა სიჭინავა (კოლხეთი)

შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.112419