ჯანო ანანიძემ კვლავ გაიტანა გოლი მოსკოვის 'სპარტაკის" დუბლებში. ეს "ყუბანთან" გასვლაზე 3:1 მოგებულ შეხვედრაში. ჯანომ 66-ე წუთზე მიითვალა გოლი. როგორც იცით, ქართველი ნახევარმცველი დასჯილია და სწორედ ამიტომ უწევს დუბლებში თამაში. როდის გაუვა ამ სასჯელს ვადა, ჯერ უცნობია – კლუბი გადაწყვეტს მწვრთნელ მურატ იაკინთან ერთად.
იტალიაში "ემპოლის" მძიმე მატჩი ჰქონდა, შინ "იუვენტუსთან" ითამაშა და 0:2 წააგო. ლევან მჭედლიძემ ბოლო 13 წუთი დაჰყო მინდორზე. ისე, ლევანს სერია ა-ში ერთადერთი გოლი აქვს გატანილი და ისიც "იუვენტუსთან" – 2008 წელს ჯანლუიჯი ბუფონი დაამწუხრა და ის გოლი გადამწყვეტი გამოდგა. ლევანი მაშინ "პალერმოში" თამაშობდა.
ჩეხეთის ჩემპიონატში ლევან ყენიას განაცხადში შეყვანა ვერ მოესწრო და ქართველს მომდევნო ტურში შეეძლება თამაში. ამ ტურში კი ყენიას "სლავიამ" შინ 3:2 აჯობა "პრჟიბრამს" და მეცხრე ადგილზეა.
ფინეთის თასის ფინალი წააგო ირაკლი სირბილაძის "ინტერმა". ჩემპიონ ჰიკ-თან 120 წუთში გოლი არ გასულა, ხოლო პენალტების სერიაში ჰიკ-მა 5:3 იმარჯვა. ქართველმა ფორვარდმა 120 წუთი ითამაშა და პენალტიც გაიტანა.